რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პირი შესაძლოა გამგებლად დანიშნონ

  14:58:29     16-07-2013

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და ბესელია-კაკაბაძის ძალისხმევით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანი, შესაძლოა, ახალქალაქის გამგებლად დაინიშნოს. 

ჩახალიანის კანდიდატურა გამგებლის პოსტზე აქტიურად განიხილება რეგიონში. ამ ფაქტს, არც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული ჩახალიანი უარყოფს. 

მისი მტკიცებით, თუ გამგებელი გახდება, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მზადაა თანამდებობა ეთნიკური სომხების ინტერესების გათვალისწინებით დაიკავოს.

"ჩემი კანდიდატურის წამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იქნება... 

ჩემს შემთხვევაში, ეს იქნება არა წინ, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად. თანამდებობისკენ არასდროს ვისწრაფვოდი და არც ახლა მინდა. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, ამას ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებ...

ჯერ არის დრო გამგებლის დანიშვნამდე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკვე სახელდებოდა ამ თანამდებობის მომავალი მფლობელის გვარი. ვიმეორებ, რომ არავის წინააღმდეგი არ ვარ. 

ჩვენ პატივს ვცემთ თბილისის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ურთიერთპატივისცემაც, რომ თბილისში მჯდომი თანამდებობის პირი ადგილობრივი მოსახლეობის აზრს პატივს სცემდეს", - ესაა ამონარიდები ჩახალიანის ინტერვიუდან, რომელიც "სამხრეთის კარიბჭემ" გამოაქვეყნა.

ცენტრალური ხელისუფლება, რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული და პოლიტპატიმრად შერაცხული ჩახალიანის შესაძლო დანიშვნის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ადგილობრივებს კი იმედი აქვთ რომ „ქართული ოცნება“ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამს და რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირს, გამგებლის პოსტზე არ წარადგენს. 

თუმცა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ჩახალიანი, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს პირებთან მეგობრობს, პოლიტპატიმრად გამოაცხადა, რატომ არ შეიძლება იგი გამგებლადაც დაუსვას ახალქალაქელებს?