პრეზიდენტმა წულუკიანს კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნით მიმართა

  11:49:06     15-07-2013

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა, მიხეილ სააკაშვილის სახელით, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილში, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრისგან მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაყენებას ითხოვს. 

იუსტიციის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ პრეზიდენტის წერილი წულუკიანმა უკვე მიიღო, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი. 

პრეზიდენტის აზრით, მთავარმა პროკურორმა დაარღვია კანონი და საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როცა პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ ლადო ბედუკაძეს ინდულგენცია აჩუქა. 

აღსანიშნავია რომ კბილაშვილის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა დაადასტურა იუსტიციის მინისტრმაც, როცა ივანიშვილის შემდეგ, მანაც დაგმო ბედუკაძისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და კბილაშვილს შეახსენა რომ: "წამებაში ბრალდებული პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია". 

წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც რომ კბილაშვილმა, ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მასთან შეუთანხმებლად მიიღო."მე კბილაშვილის ეს შუამდგომლობა მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა სასამართლოში იყო შეტანილი", - თქვა მან.   

პრეზიდენტის და უმცირესობის გარდა, კბილაშვილის მიერ ბედუკაძისთვის ინდულგენციის ჩუქებას გმობენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრებიც. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავარი პროკურორი, რომელმაც, უმცირესობა-უმრავლესობის აზრით, ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით მძიმე შეცდომა დაუშვა, კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას. 

საინტერესო დეტალი: ვიდრე ივანიშვილი საჯაროდ განაცხადებდა რომ კბილაშვილს ბედუკაძე არ უნდა გაეთავისუფლებინა პასუხისმგებლობისგან, უმრავლესობა მთავარ პროკურორს გადაწყვეტილებას უწონებდა. თუმცა, პრემიერის განცხადების შემდეგ, უმრავლესობამ მყისიერად შეცვალა პოზიცია და კბილაშვილი მწვავედ გააკრიტიკა.