
ნადირაშვილი: კბილაშვილმა ღიად დააშანტაჟა თავისი გუნდის წევრები
18:02:52     11-07-2013
"ფაქტია, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმები, დღეს კი როგორც ჩანს ამ ოჯახის ტრაგედია მათი ინტერესის სფერო აღარ არის" - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა „პრესა.ჯი“-სთან არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანსის საქმის ამ დრომდე გაუხსნელობის საკითხი.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი სენსიტიური საქმე, რომელიც მინისტრმა ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა და მისი გამოძიება ვერ შეძლო.
რაფალიანცის საქმის გარდა დეპუტატმა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ირმა ნადირაშვილი: თვითონ კბილაშვილის განცხადებით წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი ადამიანების უმეტესობა, დღეს უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ციხის სკანდალური კადრების ავტორი და ერთ-ერთი მოძალადე ბედუკაძე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელს საერთოდ განარიდეს.
„ქართული ოცნების“ წევრები და მათ შორის იუსტიციის მინისტრი, ასევე შს მინისტრი აცხადებენ, რომ კბილაშვილმა ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად მიიღო, პრემიერი თურმე ძალიან შეშფოთებულია. შესაბამისად ლოგიკურია, რომ უნდა გადადგან გარკვეული ნაბიჯები და დაიწყოს ქალბატონმა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურები.
რა თქმა უნდა თუ ეს შეშფოთება მხოლოდ გარეგნულ ხასიათს არ ატარებს და წამებაში მხილებული პირისთვის თავისუფლების მინიჭებისთვის პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბიან.
"პრესა.ჯი": საზოგადოების ნაწილს ეჭვი შეაქვს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა ბედუკაძის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მთავრობის ხელმძღვანელს არ ჰქონოდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
- ძალიან რთულია გაარკვიო რა ხდება „ქართულ ოცნებაში“. პრემიერი ამბობს, რომ არ იცის რას აკეთებს ქვეყნის მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება არჩილ კბილაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი საერთოდ არ სცემს პასუხს ამ საკითხს და განმარტებებს მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელისგან ვისმენთ. ჯობია, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მაინც მოითათბირონ და გაიარონ კონსულტაცია.
- არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა...
- ამ საკითხზე ყველაზე კარგად გასცა პასუხი ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსმა და განუმარტა ბატონ კბილაშვილს, რომ მისი უფროსი მინისტრი ღარიბაშვილი არ არის. მასზე უკეთეს კომენტარს ამ კონკრეტულ საკითხზე ვერ გავაკეთებ.
- და მაინც, ხომ არ მიანიშნებს კბილაშვილის ეს განცხადება ღარიბაშვილთან არსებულ დაპირისპირებაზე?
- ფაქტია, რომ როდესაც ბედუკაძის გათავისუფლებას საზოგადოების მხრიდან კარგი რეაქცია არ მოჰყვა, ყველა შეეცადა, რომ თითი მთავარი პროკურორისგან გაეშვირა, მაგრამ კბილაშვილმა საპასუხო ნაბიჯი გააკეთა და ღიად დააშანტაჟა თავისი გუნდის წევრები.
მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ციხის კადრები 2011 წლიდან უკვე გამოტანილი იყო ციხეებიდან. ამ განცხადების გაკეთებით მთავარმა პროკურორმა მიანიშნა, რომ ის არ აპირებს ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას.
- რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, გარდაცვლილის ოჯახი ღარიბაშვილს უნდობლობას უცხადებს, თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა საქმის ამ დრომდე გამოძიება?
- ამ კითხვაზე პასუხს ელოდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და რაც მთავარია 10 თვის ბარბარეს ოჯახი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რომელი საქმეც მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა არც ერთი მათგანი გამოძიებული არ არის.
ამ საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა ისიც თქვა ხმამაღლა, რომ მან ღარიბაშვილს შესთავაზა, რომ ეს საქმე პროკურატურას წაეღო, რაზეც მისი თქმით, ღარიბაშვილისგან უარი მიიღო. ნამდვილად არ ვიცი რა მიზეზია, რის გამოც ეს საქმე ამ დრომდე არ იხსნება. ფაქტია, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმები, დღეს კი როგორც ჩანს ამ ოჯახის ტრაგედია მათი ინტერესის სფერო აღარ არის.