შაშკინი: პოლიტიკა არის ისეთი რამ, სადაც გამარჯვების შანსები ყოველთვის არსებობს

  18:14:18     10-07-2013

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას ახსენებს. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას მოქალაქეთა დასაქმების მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. 

„პრესა.ჯი“ დიმიტრი შაშკინს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. 

დიმიტრი შაშკინი: საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად და პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება. მთავრობის მთავარი საზრუნავი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა უნდა იყოს.

- საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მთავარი პროკურორის ის არგუმენტები, რომელიც ბედუკაძისთვის ინდულგენციის მინიჭების საფუძველი გახდა...

- ადამიანის წამება არის იმდენად დიდი დანაშაული, რომ ძალიან რთულია იმ  მიზეზების მოძიება, რის საფუძველზეც  პატიმრების წამებაში მონაწილე ბედუკაძის გათავისუფლება მოხდა.

როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ადამიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს, პროკურატურას აქვს უფლება გამოიყენოს ამ ადამიანის მიმართ გარკვეული შეღავათი. მაგრამ შეღავათსა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ბედუკაძის გათავისუფლება ძალიან ცუდი მესიჯია ბევრი სხვა ადამიანისთვის. 

- პროკურორთან ერთად სკანდალები არ აკლია მინისტრ ღარიბაშვილსაც,  პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის რომ  საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმე მინისტრის პასუხისმგებლობის მიზეზი უნდა გახდეს...

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სენსიტიური საქმე სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თუ რა თქმა უნდა პოლიციელების ბრალეულობა დამტკიცდება, უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილნი. 

მმართველ ძალას არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს გაათავისუფლონ პასუხისმგებლობისგან. არ უნდა დააფარონ  მათ ხელი.

- მიქაუტაძის ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ეს საქმეც არჩევნებამდე გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის საქმის მსგავსად, დროში გაიწელება. თქვენი აზრით რატომ ვერ ხსნის ღარიბაშვილი კოლაგში მომხდარ ტრაგედიას?

- ფაქტია, რომ თავის დროზე ეს ტრაგედია გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ზრახვებისთვის. ამიტომ უჭირს ხელისუფლებას ამ საქმის გახსნა და შავი კატის მოძებნა შავ ოთახში. 

- თქვენ ამბობთ, რომ რაფალიანცის გარდაცვალება ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ გამოიყენა?

- როდესაც მოხდა ეს ტრაგედია, რაიონში მყოფმა ადამიანებმა, მომხდარიდან მალევე თემას პოლიტიკური ელფერი მისცეს და ოპონენტი დაადანაშაულეს ბავშვის მკვლელობაში. თუ მართლაც ასე იყო, ამ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ ფაქტები, რომელიც სამართალდამცავებისთვის უნდა გადაეცათ, რაც არ მოხდა. 

- აქვს თუ არა შანსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამარცხოს „ქართული ოცნების“ კანდიდატი?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევანის გაკეთება ხალს მიანდო, როცა პრაიმერისის ჩატარების იდეით გამოვიდა. რაც შეეხება შანსებს, პოლიტიკა არის ისეთი რამ, სადაც გამარჯვების შანსები ყოველთვის არსებობს. სააარჩევნო კამპანია არის ისეთი რამ, სადაც შესაძლებელია ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს. 

ქართული პოლიტიკა, საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ ცნობილ მულტლფილმს - „ნუ პაგადის“ ჰგავს, სადაც მგელს, რომელიც ძელს ასწევს, უკვე აღებული „შტანგა“ გაუვარდება ხელიდან. აქედან გამომდინარე, პეპელა ჰაერშია და როდის დააჯდება ჩემპიონს, არავინ იცის.