![კბილაშვილის დღევანდელ არგუმენტებს „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ კბილაშვილის დღევანდელ არგუმენტებს „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ](http://presa.ge/img/multimedia/a25100.jpg)
კბილაშვილის დღევანდელ არგუმენტებს „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ
14:09:03     09-07-2013
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შენიშვნას არ იზიარებს. მეტიც როგორც კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე აღნიშნა, პატიმრების წამებაში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძემ საზოგადოებას დიდი სარგებელი მოუტანა. მისი თქმით, ის, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბედუკაძე სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, არ შეცვლის.
„პრესა.ჯი“ მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადებების შეფასების მიზნით პოტიკოსებს და ექსპერტებს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან „ქართულ ოცნებაში“.
როგორც „პრესა.ჯი“-სთან დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განახადა, წამებაში მხილებული ადამიანის გათავისუფლება ყოვლად დაუშვებელია.
ლევან ბერძენიშვილი: „წამებაში მხილებული ადამიანის გათავისუფლება არვითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. დღეს ჩვენ პროკურორისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები მოვისმინეთ, თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ ბედუკაძის გათავისუფლება სხვა უფრო მაღალი მიზნებით არ უნდა მომხდარიყო.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში მე ვეთანხმები პრემიერს, შს მინისტრს, ჩემ თანაგუნდელ ხიდაშელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბედუკაძის სასჯელისგან გათავისუფლების წინააღმდეგია“.
რაც შეეხება თავად თინა ხიდაშელს, როგორც აღმოჩნდა, ის „პრესა.ჯი“-ს ბოიკოტს უცხადებს.
თინა ხიდაშელი: „თქვენ ჩემს კომენტარს ვერ მიიღებთ“ - გვითხრა მან. „პრესა.ჯი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რატომ გვერჩის ქალბატონი ხიდაშელი, თუმცა დეპუტატმა ჩვენ კითხვას არ უპასუხა.
კბილაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატისთვის. ანი მიროტაძის თქმით, ბედუკაძეს პატიმრების წამებისთვის სასჯელი აუცილებლად უნდა მოეხადა.
„მიმაჩნია, რომ პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანისთვის თავისუფლების ჩუქება არ არის სწორი საქციელი. როგორი მაღალი მონანიების ხარისხითაც არ უნდა გამოირჩეოდეს შემდეგ უკვე მისი ქმედებები“,- აცხადებს მიროტაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის განმარტებები უსუსური იყო.
ნუგზარ წიკლაური: „არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ უნდა გათავისუფლებულიყო ვლადიმერ ბედუკაძე. კბილაშვილის განცხადებიდან გამოვყოფდი ერთ ძალიან საინტერესო გარემოებას, მთავარმა პროკურორმა დღეს თქვა, რომ ეს ფირები 2011 წელს უცნობი ადამიანისთვის იქნა გადაცემული, ეს ნიშნავს რომ ერთი წლის განმავლობაში უცნობი პირი ინახავდა ამ ინფორმაციას, რაც აგრეთვე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული.
ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ გენერალურ პროკურორს დაასახელოს იმ პიროვნების ვინაობა, ვისაც ეს ამაზრზენი ფირები ჰქონდა ამ ხნის განმავლობაში შენახული“.
დავით დარჩიაშვილი კი ინტერესდება რომელი კაცობრიობა გადაარჩინა ბედუკაძემ?
დარჩიაშვილი: „ძალიან სუსტი არგუმენტები მოვისმინეთ დღეს. რომელი კაცობრიობა გადაარჩიანა ბედუკაძემ? ან რა შუაშია ის, რომ ცემის ფაქტები ხდებოდა ციხეში, ბედუკაძის უდანაშაულობასთან?“.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე პოლიტიკოსების მსგავსად კბილაშვილის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. როგორც ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური გუნდის წევრმა განაცხადა, ადამიანს, ვისაც წამებაში მონაწილეობა დაუდასტურდა, მთვარი პროკურორი სასჯელისგან არ უნდა ათავისუფლდებდეს.
დემურ გიორხელიძე: „მიუღებელია ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ეს ადამიანიც უსწორდებოდა პატიმრებს. ამიტომ მანაც უნდა მოიხადოს სასჯელი. დაუშვებელია ესა თუ ის მაღალი თანამდებობის პირი სუბიექტური თვალსაზრისის მიხედვით წყვეტდეს წამებაში მხილებულის ბედს“.