ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე და ვინ აწამა მამუკა მიქაუტაძე?
10:08:55     08-07-2013
დაზარალებულთა აზრით, შს მინისტრი ღარიბაშვილი მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს. შსს-ს ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია 36 წლის მამუკა მიქაუტაძის წამებისა და თვითმკვლელობის ფაქტზე. ეს მაშინ, როცა გარდაცვლილის ოჯახი, პოლიციას, მიქაუტაძის წამებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მეტიც, გარდაცვლილის მეუღლე ეჭვობს რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს, როცა 36 წლის მამაკაცი თბილისის ზღვის მიმდებარედ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თქმით, მას პოლიციამ წამებით და იძულებით მიაცემინა ჩვენება.
მიქაუტაძე ჩვენებაში მართლაც წერს, რომ მას მარიხუანა მეგობარმა გელა მანჯავიძემ მისთვის უცნობ ორ ქალბატონთან ერთად მიუტანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გუშინ მიქაუტაძის ჩვენებები ჟურნალისტებს გადასცა...
ოფიციალური ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილის მეუღლის თქმით, თვითმკვლელობამდე მან ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.
ამ ფონზე, კიდევ უფრო არადამაჯერებლად გამოიყურება ირაკლი ღარიბაშვილის ზღაპრები იმის თაობაზე რომ "პოლიცია, ისე როგორც არასდროს, სამართლიანი, კანონმორჩილი და აპოლიტიკურია".