
ჭიაბერაშვილი: დაირღვა ჩემი და ვანო მერაბიშვილის კონსტიტუციური უფლება
16:13:58     04-07-2013
ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებას სასამართლოზე ზოწოლად აფასებს და აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ეს განცხადება მას თავისუფალი სასამართლოს გამოყენების უფლებას ულახავს.
როგორც „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში კახეთის გუბერნატორმა განმარტა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებით დაირღვა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, „თავისუფალი და მიუკერძოებელი“ სასამართლოს უფლების შესახებ.
„პრესა.ჯი“: პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობის მიღებაზე საუბრობს და ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას უგზავნის. თქვენი აზრით ხომ არ დაგიმძიმდებათ წაყენებული ბრალი?
- სასამართლო დაწყებულია, სხდომა კი 15 ივლისსაა ჩანიშნული დღეს სახელმწიფო ორგანო აკეთებს ამ ამბსურდულ განცხადებას, რათქმაუნდა ეს აღიქმება სასამართლოზე ზემოქმედებად. ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს მიუკერძოებლობასა და თავისუფლებაში. ვფიქრობ, რომ დაირღვა ჩემი და ვანო მერაბიშვილის კონსტიტუციური უფლება და აგრეთვე ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, „თავისუფალი და მიუკერძოებელი“ სასამართლოს უფლების შესახებ. თავისუფალი სასამართლოს პირობებში. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმციის უხეში დარღვევა.
რას უკავშირებთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებას?
- მონიტორინგის სამსახურის მიზანია, საზოგადოებაში შექმნას უარყოფითი ფონი, ჩვენი როგორც ბრალდებულების წინააღმდეგ. დღეს გაკეთებული განცხადებები ემსახურება პოლიტიკურ დევნას მეტს არაფერს. მიმაჩნია, რომ ამ რეპრესიებს ჩვენ სამართლებრივი კუთხით უნდა ვუპასუხოთ და ასეც მოვიქცევით. ჩემი აზრით, თუ გამოძიებას აქვს საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ის უნდა იყოს წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში და არა ტელეკამერებისთვის. გამოძიებას ქონდა თვეზე მეტი იმისთვის, რომ თუ რაიმე ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო აუდიტი გამოეთხოვა ეს დოკუმენტები.
- თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა, რას უკავშირებთ დავით წერეთელი გადაწყვეტილებას?
- მაგ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.
- ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ პატიმრების წამებაში მხილებული ვლადიმერ ბედუკაძის სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა, რამდენად რეალურია პრემიერის ეს განცხადება?
-პრემიერის განცხადება ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ბედუკაძე და მის მიერ ჩადენილი დანაშაული ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩემი პოზიცია ბედუკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მარტივია. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალზე, როდესაც იმ ადამიანების მიმართ რომლებიც არასად არ გარბიან, ვანი მერაბიშვილსა და ჩემ თავს ვგულისხმობ, გამოყენებულია აღმკვეთი ღონისძიებები და წაყენებულია ბრალდება, ადამიანი კი რომელიც ხალხს აწამებდა, ჩადიოდა დანაშაულს რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 15 წლისნი პატიმრობით ისჯება გათავსუფლდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.