
სააკაშვილი ივანიშვილს აფრთხილებს...
16:01:26     03-07-2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება.
სააკაშვილი ივანიშვილს აფრთხილებს, რომ "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისგან ხელები ყველამ შორს დაიჭიროს”.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შევარდნაძის დროიდან ბევრი რაღაც მეორდება, მაგრამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა იყო შევარდნაძის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მწარე ეპიზოდი.
სააკაშვილი: მე მინდა, მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს გამოძიება. შევარდნაძის დროიდან ბევრი რაღაც მეორდება, მაგრამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე ეპიზოდი შევარდნაძის მმართველობის. სისხლის სამართლის აღძვრა ამ თემაზე და უამრავი ადამიანის დაკითხვა, რაც ბოლო დროს ხორციელდება, ეს არის ძალიან საშიში პროცესი და ჩემი ინფორმაციით, რაც დღეს ფაქტიურად დადასტურდა, რომ ეს პროცესი მივა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამდე. მე კარგად ვიცი უკვე პრემიერის ლოგიკა როცა ის ამბობს, რომ არ ერევა, მაგრამ ეს არის სამართლებრივი პროცესი, სულ ცოტა ხანში ამას მოყვება ხოლმე ამ ადამიანის დაპატიმრება ან პირდაპირი უხეში ჩარევა. ჩვენ უკვე ვისწავლეთ მისი სიტყვებს რა მოყვება. მე მინდა, გავაფრთხილო ის - ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არის ჩვენი ცხოვრების მონაპოვარი. ეს არის კავშირი არჩევნებთან, რადგან არჩევნები ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ყველას აქვს ინფორმაციის წვდომა. ეს საკითხები მართლაც მთელი საზოგადოების ზრუნვის წყარო უნდა იყოს.