
„არჩევნების ხუთშაბათ დღეს დანიშვნით პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია“
16:27:19     02-07-2013
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დისკუსია არ წყდება. დღის განმავლობაში ექსპეტრები, ცესკოს თანამშრომლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩევნების თარიღის (31 ოქტომბერი ხუთშაბათი დღე) კანონიერებაზე საუბრობენ.
იურისტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, გარდა - საპრეზიდენტო არჩევნებისა.
კახიშვილს შესაბამისი არგუმენტიც მოჰყავს, მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლში წერია, რომ "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა".
„კანონის ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ არჩევნები შეცდომით დანიშნეს 31 ოქტომბერს, რადგან 31 ოქტომბერი ხუთშაბათი დღეა“,- აცხადებს კახიშვილი.
კახიშვილის მოსაზრებას არ იზიარებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია. როგორც „პრესა.ჯი“-ს მან განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი მისი შეხედულებისამებრ ნიშნავს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია რომ არჩევნები ხუთშაბათ დღეს დანიშნა.
კითხვაზე ნამდვილად არის თუ არა მეექვსე მუხლში , ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა", ლომჯარია განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი საკანონმდებლო ხარვეზია, რომელიც მისი თქმით, კოდექსში შემორჩენილია იმ დროიდან, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა გამართულიყო კვირა დღეს.
ლონჯარია: საარჩევნო კოდექსში და არც კონსტიტუციაში არ არსებობს მითითება თუ რა დღეს უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. ერთადერთი რასაც კონსტიტუცია ამბობს ეს არის, რომ უნდა გაიმართოს ოქტომბრის თვეში. რაც შეეხება მოქმედ მეექვსე მუხლს, ეს არის საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც არის საკანონმდებლო ხარვეზი და კოდექსში შემორჩენილია იმ დროიდან, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენდა, რომ პრეზიდეტნის არჩევნები კვირა დღეს უნდა გამართულიყო. ეს არის ძველი მოქმედებიდან გადმოსული ნორმა, რომელსაც დღეს ძალა არ უნდა ჰქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ არც საარჩევნო კოდექსი და არც კონსტიტუცია არანაირ მითითებას არ ადგენს თუ რა დღეს შეიძლება პრეზიდეტნის არჩევნები გაიმართოს. ამიტომ ვთვლი, რომ ის შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ დღეს პრეზიდენტის შეხედულებისამებრ“.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, როგორც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ანასაშვილმა განმარტა არჩევნების თარიღის დადგენა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
"გადაწყვეტილება, თუ რომელ დღეს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები არის თვითონ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დოკუმენტის საფუძველზე დღეს ჩაატარა სხდომა და ყველა ღონისძიება და ვადა დაგეგმა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მოცემულობა არის ის, რომ არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს. შესაბამისად, განმარტებას, რამდენად მართებულად არის ეს თარიღი დანიშნული, ცესკო ვერ გააკეთებს, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ცესკო არ არის. პრეზიდენტს სრული უფლება ჰქონდა ეს თარიღი გამოეცხადებინა. კონსტიტუციით არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება ეს თარიღი გამოაცხადოს არა უგვიანეს 60 დღისა. აქედან გამომდინარე, მას სრული უფლებამოსილება ჰქონდა ეს თარიღი გამოეცხადებინა", - განმარტა ანასაშვილმა.