
დარჩიაშვილი: იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა “ პირადი კეთილდღეობის გამო დატოვა
14:24:05     01-07-2013
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში„ კოკი იონათამიშვილის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს, ხელისუფლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირებენ.
როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები პირადი კეთილდღეობის გამო დატოვა.
დავით დარჩიაშვილი: მან ვერ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ზოგადად პარტიის და კონკრეტულად, მერიაში პარტიის წარმომადგენლების მიმართ სისტემატიურად ხორციელდება, ალბათ ჩათვალა, რომ საკუთარი პიროვნული კარიერული, სოციალური კომფორტისთვის, ეს გადაწყვეტილება იყო საჭირო. ჩვენ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავთ.
ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილება შეაფასა დავით საყვარელიძემაც. როგორც ბრიფინგზე დეპუტატმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ეს იონათამიშვილის არჩევანია.
საყვარელიძე: სამწუხაროდ, ამ მასშტაბის ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს, ბევრს ნებისყოფა აქვს, ბევრს - არა, ზოგის ფასეულობები რაღაც ბზარსაც განიცდის. ამიტომ ეს კოკის არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვინც, როცა ზურგს უკან გიდგას, იმედი გაქვს, რომ არავითარი ტრაგედია ამაში არ არის.
კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.