ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო არჩევნებს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

  10:49:14     28-06-2013

ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული მასშტაბური უკანონობის შემდეგ, უმცირესობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე ალაპარაკდა.

უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა რომ თუ ხელისუფლება ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და სიტუაციას არ გამოასწორებს, ნაციონალური მოძრაობა არჩევნების ბოიკოტირებაზე დაფიქრდება. 

"ველოდები, რომ უახლოეს საათებში პრობლემა გადაწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული გავხდებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან რაც ხდება ეს არის პირდაპირი შეტევა პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევის და მოშლის მიზნით", – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

ბოიკოტზე საუბრობს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილიც. მისი თქით, ივანიშვილი პარტიული ინფრასტრუქტურის დანგრევას ცდილობს და პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს. "ჩვენ განვიხილავთ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას", - ამბობს ნადირაშვილი. 

პარლამენტი დატოვა უმცირესობის სრულმა შემადგენლობამ. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა რომ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმზე გადადის და ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება.

"როცა აკავებენ ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციის წევრებს. ხდება უკანონო დაკავებები, იტაცებენ ჩვენს თანაპარტიელებს, ვერ გავაგრძელებთ რუტინულ საკანონმდებლო მუშაობას. გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმზე", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ რომ ფინანსურმა პოლიციამ მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ჯერ დააკავა, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, შემდეგ გაათავისუფლა და განაცხადა რომ მოწმეებად დაკითხეს, მოგვიანებით კი ისევ დააპატიმრა.

ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული უკანონობა დაგმო არასამთავრობო სექტორმა (მათ შორის ახალგაზრდა იურისტებმა), სახალხო დამცველის აპარატმა, ოპოზიციის თითქმის სრულმა შემადგენლობამ. თუმცა, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა ამაყად განაცხადა რომ "ფინანსურ პოლიციას კანონი არ დაურღვევია".

გამოძიება საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს 50 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. გამოძიება მთელი სერიოზულობით ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილებმა მილიონობით ლარი ბანკომატიდან გამოიტანეს.

ფინანსურმა პოლიციამ აჩვენა გაურკვეველი ვიდეო-კადრები, სადაც ჩანდა თუ როგორ იღებდნენ ხელფასს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ბანკომატიდან.