
რატომ მიდის ივანიშვილი?
16:36:34     26-06-2013
„თუ ივანიშვილი მართლა წავიდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამი სცენარი:
1. იმპერატორ დიოკლეტიანის სცენარი: იმპერატორმა თავისი საქმე გააკეთა და გადადგა, რის შემდეგაც, როგორც ამბობენ, უმეტესად თავისი ბაღჩის მოვლით იყო დაკავებული.
ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან: ხსენებულმა იმპერატორმა 31 წელი მართა და ისტორიკოსთა შეფასებით, ბევრიც მოასწრო.
2. ივანე მრისხანის სცენარი: ბოიარების ქცევით გაბეზრებული მეფე მიდის, რათა შემდეგ იგივე ბოიარები მუხლებზე ჩოჩვით შეევედრონ, დაბრუნდიო. დაბრუნების სანაცვლოდ კი მეფე მეტ მორჩილებას მოითხოვს.
ანალოგიური რამ ვნახეთ დაახლოებით ოცი წლის წინ თბილისში, როცა ხალხი მუხლებზე დაუდგა გადამდგარ ედუარდ შევარდნაძეს. ისიც დაბრუნდა და ამ მანევრით "მხედრიონზე" პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან: ივანიშვილს თითქოს მისი გარემოცვა არ ეურჩება, ამაზე მეტი რაღა ქნან?
3. დენ სიაო-პინის სცენარი: 1992-97 წლებში ჩინეთის რეფორმების მთავარ არქიტექტორს ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ რეალურად სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღრელად ითვლებოდა.
ძირითადი განსხვავებები ჩვენს შემთხვევასთან: ფორმალურ გადადგომამდე ის დიდხანს იყო ხელისუფლებაში და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა.
მისი არაფორმალური ძალაუფლება ამ რეფორმებით მოპოვებულ ავტორიტეტს ეყრდნობოდა და არა მის პირად ფინანსებს.
ამ სამი სცენარიდან რომელს აირჩევს ბიძინა ივანიშვილი გადადგომის შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, ესტონურ გაზეთს არ დაბრალდა მისი სიტყვების არასწორად გაგება)?
როგორც მინიმუმ, ვალდებულია, რომ ესეც ახლავე გვითხრას. ქვეყნისთვის კარგი არც ერთი არ არის, თუნდაც პირველი ვარიანტი, რადგან მეოცნებე კოალიცია თავისი ლიდერის გარეშე ქმედუნარიანი არ არის და ღმერთმა იცის, მასში რა ამბები დატრიალდება.
თუმცა, უკვე ის, რომ თავადვე იცის, ვინ ეყოლება მემკვიდრედ, მიანიშნებს, რომ დენ სიაო-პინობას აპირებს. ანუ უნდა ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე.
რეალურად რა გამოვა ამ ყველაფრიდან, ეს უკვე სხვა ამბავია“,- ამ პროგნოზის ავტორი ექსპერტი გია ნოდიაა.
„პრესა.ჯი“: ცნობილია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს ატარებს, მედიისთვის სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე, ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ძლიერი კონკურენტი გიორგი მარგველაშვილისთვის?
გია ნოდია: თუ რომელ კანდიდატს აქვს ყველაზე დიდი შანსები ამისთვის არსებობს მეთოდები. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოციოლოგიური კვლევა აწარმოა და სწორედ მიღებული შედეგიდან გამომდინარე წარადგენს კანდიდატებს. ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებით კი ყველაზე დიდი შანსი დავით ბაქრაძეს აქვს.
- საუბრის დასაწყისში თქვენ ივანიშვილის წასვლის შემდეგ სავარაუდო სცენარზე ისაუბრეთ, რას უკავშირებთ პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე პოლიტიკიდან წავა?
- ივანიშვლის განცხადება, სერიოზული მსჯელობის საფუძველს, ამ განცხადების არასერიოზულობიდან გამომდინარე არ გვაძლევს. ისღა დაგვრჩენია გამოვთქვათ ფსიქოლოგიური ვარაუდები. ჩემი პირადი ვარაუდია, რომ ეს განცხადება პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.
პრემიერს უნდა, რომ როგორც ბიზნესში ქვეყნის საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნოს მაგრამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს.
ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგის დავარდნა გარდაუვალია და უნდა ამ გუნდისგან დისტანცირება.
- ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უმცირესობის წარმომადგენლები საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ...
- ჩემი აზრით, მისასალმებელი იქნება, რომ აღნიშნულ კადრებზე საგამოძიებო კომისია პარლამენტშიც შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი ამას რატომღაც არ თანხმდება. გამოდის, რომ ხელისუფლება ამ კადრებით ასამართლებს თავის მოწინააღმდეგეს.
- ღარიბაშვილის უწყება ბოლო დღეებია სკანდალურ კადრებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს აცნობს, ჟურნალისტების გარდა ეს ვიდეომასალები საკრებულოს წევრებმაც ნახეს, რამდენად მისაღებია წამების ამსახველი ვიდეოფირების ჩვენება?
- ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაში, რომ ეს ფირები იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის ეჩვენებინა, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან მეტ-ნაკლებად მაღალი ნდობა აქვთ, რაღაც აზრი არის.
თუმცა ის ტური, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს, საკრებულოს წევრებისთვის ფირის ჩვენებას ვგულისხმობ უკვე ზედმეტია.
საბჭოთა კავშირში არსებობდა ფილმები, რომლებსაც მხოლოდ ელიტას აყურებინებდნენ. სამწუხადოდ იგივე ხდება დღეს. პრივილეგირებულ ადამიანებს ამ საშინელი კადრების ყურება თავისუფლად შეუძლიათ. ხომ უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩანან კადრებში?