23 წლის ლადო დაუშვილი ამნისტიით გათავისუფლებულმა პატიმარმა მოკლა?

  11:51:50     26-06-2013

ვაკეში მოკლული 23 წლის ლადო დაუშვილის ოჯახის ახლობელთა განცხადებით, მკვლელი ბესელია-კაკაბაძის მიერ ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმარია. ახალგაზრდა ბიჭი გუშინ, არაყიშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე გვიან ღამით მოკლეს. მას გულში "ტეტეს" ტიპის იარაღიდან ესროლეს. დაუშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივად შელაპარაკება სახელდება. დანაშაული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

"წუხელ ბარნოვზე ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანი 23 წლის ლადო დაუშვილი ნაძირალას ტყვიას შეეწირა. ანგელოზივით ბიჭი, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე, უამრავი კარგი საქმის გამკეთებელი და ძალიან მაგარი კაცი. მკვლელი ამ დილით დააკავეს ცხინვალის გადასასვლელეთან, აღმოჩნდა ბესელია–კაკაბაძის მიერ ამნისტირებული ბანდიტი და უსასტიკესი ადამიანი. 

HI ბიძინა!!! რა ვქნათ ეხლა მოვეკიდოთ გაგებით? თუ ლადოს დედა და დები მოეკიდნონ გაგებით?თუ შენი პოლიტიკური ქულების დასაწერად და მხარდასაჭერად გამოშვებული მკვლელების და ბანდიტების ხროვის მსხვერპლი უნდა გახდეს უდანაშაულო ხალხი. იმის სინდისი მაინც უნდა ჰქონდეს, დიდი ზარზეიმით არ დაგვაბოლოთ დანაშაული შემცირდაო. შემცირდა კი არა ვაკეში სახლში გვიან ვერ გამივლია, ვინმე ნაძირალა და კაცის მკვლელი რომ არ შემხვდეს.

რატომ? რატომ გამოუშვით პოლიტიკური იარლიყით ბანდიტები და მკვლელები? რატომ მოასხით მათ მართლა პოლიტიკური წამებულის მანტია? ოჯახის წევრი რომ მოგიკლან, როგორ მოეკიდები გაგებით ძალიან მაინტერსებს? მაქსიმალურად ვცდილობ კორექტური ვიყო. ძალიან აღელვებული ვარ", - წერს "ფეისბუქში" მოკლული ლადო დაუშვილის ოჯახის მეგობარი.

შს სამინისტროს პრეს-ცენტრში დაკავებულის ამნისტიით გათავისუფლების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მკვლელობაში ეჭვმინატილი ნასამართლევი არ არის. თუმცა, მის ვინაობას მალავენ.

აღსანიშნავია რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში მძიმე დანაშაულის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.