
ინტრიგები კოალიციაში და ბრძოლა პრემიერის პოსტისთვის
11:04:56     26-06-2013
პრემიერმა უცხოურ პრესასთან ოქომბერში პოსტიდან წასვლა დაანონსა. სხვათაშორის, ერთხელ პოლიტისტორიაში ეს ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა, როცა ხალხი პარლამენტის ფანჯრებთან მიიყვანა და დააჩოქა, ბაბუ არ დაგვტოვოო.
ახლა სხვა ეპოქაა და საზოგადოებასაც სხვა მიდგომები აქვს. მეორე საკითხია, რამდენად აპირებს ბიძინა ივანიშვილი თანამდებობის დატოვებას, თუმცა ფაქტია, რომ ამ საკითხმა უკვე გამოიწვია შიდა ინტრიგები და დაპირისპირება ჯერარდატოვებული ვაკანტური პრემიერის პოსტის გამო.
პრემიერი, როგორც ექსპერტების ნაწილი აცხადებს, ამით საკუთარი გარემოცვისა და გუნდის წევრების დამოკიდებულებებსაც დატესტავს. პრემიერის პოსტისთვის კი შიდა კულუარული ბრძოლები დაწყებულია.
ვის უნდა პრემიერ მინისტრობა?
კოალიციაში, ლიდერთაგან ყველაზე დაჩაგრული ალასანიაა. ბიძინა მას ღიად და აშკარად „ახურავს“. ხან პოლიტიკური წკიპურტებით უმასპინძლდება და ხანაც „ჩამოლაბორანტებით“.
ბიძინას სათამაშოდ ქცეული ალასანია „გმირულად“ იტანს ოლიგარქის გამოხტომებს. ალასანიას პრემიერ-მინისტრის პოსტს არავინ მიაკარებს. თუმცა, ეს უთავმოყვარეო ვარსკვლავბიჭუნა მაინც ოცნებობს განდიდებაზე...
რაც შეეხება 20 ადამიანის დამხვრეტი მამიკოს სიხარულს, თეა წულუკიანს, ის გიორგი მარგველაშვილს არ უყვარს. მარგველაშვილს საკუთარი კანდიდატურა ჰყავს. ამის დადასტურებაა რუსეთში მოქმედი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის გვერდით მისი ბოლოდროინდელი ვიზიტები.
გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც თავი უკვე მიაჩნია პრეზიდენტად , საკუთარი აზრი ლევან ვასაძესთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა, თუმცა ცალსახად მიანიშნა, რომ ივანიშვილს ვასაძის კანდიდატურისგან განსხვავებით „თავისი ჰყავს შერჩეული“ : ,,მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი - ჩემი გამოცდილებით.
ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, იყო მცდელობა იმისა, რომ ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ პოლიტიკა. ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა. თუმცა, ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს“.
ვიდრე ბიძინა ფიქრობს, ღარიბაშვილი პრემიერის პოსტის დასაკავებლად მუშაობს. თუმცა მასაც აქვს პრობლემა ლიდერის კარზე, რადგან მან გია ხუხაშვილის გული ვერაფრით მოინადირა.
„დიდი ხუხა“ ღარიბაშვილის ჩაძირვაზე , როგორც შიდა კულუარებიდან ამბობენ, ჯერ კიდევ გელა ხვედელიძის დროინდელი სკანდალიდან მუშაობს. ხუხაშვილის ფავორიტი, „ავტოგოლა“ კალაძეა.
თუმცა, კალაძეს გაპრემიერებას „რესპუბლიკელები“ არ დაუშვებენ. ახლა მათი გავლენა ივანიშვილზე საკმაოდ დიდია.
პრემიერად დავით უსუფაშვილსაც განიხილავენ, მაგრამ უსუფაშვილის წასვლა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან პარლამენტს სერიოზულად დააზარალებს.
თანაც, უსუფაშვილს ორგანულად ვერ იტანენ კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა სუბიექტები. მაგალითად, „ფორუმის“ წარმომადგენლები. ის არ უყვარს არც გია ჟორჟოლიანსა და ბურჯანაძის ყოფილ თანამოაზრეებს.
თუმცა, ბრძოლა პრემიერის პოსტისთვის გრძელდება. კოალიციის წევრები იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ. ისინი ხლართავენ ინტრიგებს, აბეზღებენ ერთმანეთს და ბინძური მეთოდებით ცდილობენ კონკურენტების ჩამოშორებას, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კოალიციის მარტივ-მამრავლებად დაშლის პროცესის დაწყებას.
საზოგადოებაში კი, ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, საკმაოდ აგრესიული რეაქცია გამოიწვია: „ეს კაცი იმიტომ მოვიდა, რომ გუბაზას და გოგი ქავთარაძეს შეგვატოვოს?
ჩვენ ხმა მათთვის არ მიგვიცია, ჩვენ ხმა მივეცით ივანიშვილის პროგრამას, რომელიც გვპირდებოდა წინსვლას, კომუნალური გადასახადების შემცირებას, ბენზინსა და პროდუქტზე ფასების დაწევას, ხელფასების გაზრდას, სამუშაო ადგილებს და ა.შ.
გამოდის,
რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. ალბათ იცის, რომ ვერ შეასრულებს
ოცნებებს“ - ასეთია ამომრჩეველთა
დიდი ნაწილის აზრი.