
შსს-მ წამებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა გაასაჯაროვა
16:11:01     25-06-2013
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ წამების ამსახველი კადრების ჩვენება დროულად შეწყვიტოს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კადრების ჩვენებით ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლის წამებაც მოხდა და ასახულია ფარულ კადრებში.
გიგაური: „ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებიდან გვეუბნებიან, რომ უკვე ყველამ ზუსტად იცის, ვინ არიან ეს პიროვნებები და ვისზე განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. ზუგდიდში ყველამ იცის კადრში დაფიქსირებული მსხვერპლის ვინაობა."
არასამათავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ერთადერთი არ არის, ვინც სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროვებაზე საუბრობს.
კადრების ჩვენების აკრძალვას კატეგორიულად ითხოვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. ასოციაციის დირექტორი შს მინისტრს ამაოდ მოუწოდებს შეწყვიტოს წამებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ვიდეოს ჩვენება.
მიუხედავად ამისა, პოლიცია ვიდეო-პრეზენტაციებს განარგძობს. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს ჩინოვნიკებმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს წამების ამსახველი კადრები ყოველგვარი დაფარვის გარეშე აჩვენეს.
ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილი კადრებს, რომელსაც ექსპერტიზა არც კი ჩატარებია პოლიტიკური ქულებისთვის კანონდარღვევით იყენებს.
ცნობისთვის: ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებს თბილისის საკრებულოს დეპუტატებსაც აცნობს.
უწყებაში მიმდინარე შეხვედრას, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებიან. შსს-ში მხოლოდ საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან წარმოდგენილნი.
შეგახსენებთ რომ პოლიციამ სამეგრელოში იარაღის სამალავი აღმოაჩინა და განაცხადა რომ იარაღთან ერთად, უკანონოდ გადაღებული ვიდეოების არქივი იპოვა. მათ შორის წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაილებიც. პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას პირადი დღიური და დასაჭერთა სიაც.