შსს „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმეს არ ხსნის?

  17:47:00     21-06-2013

„ჯიჰადის“ კლიპების რეჟისორისა და მისი გამავრცელებლის ვინაობა საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობია. შს მინისტრი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ „კლიპების საქმეს აუცილებლად ახდიდა ფარდას“ . თუმცა, მან, ისევე როგორც 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების შემთხვევაში, პირობა ამჯერადაც ვერ ან არ შეასრულა.    

პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება აზრი, რომ ე.წ. „ჯიჰადის კლიპები“  პრემიერის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ყოფილმა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა ბერას სტუდიაში გააკეთა.

მიზანი - საქართველოში ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდა და შესაბამისად, პრორუსული პოლიტიკის გატარება.

მართალია, ყანდიაშვილი უარყოფს, თუმცა, ის ფაქტი, რომ შს სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა საქართველოში დამზადებულ-გავრცელებული კლიპების ავტორი, ეჭვს მართლაც აძლიერებს.

მეტიც, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ რომ ივანიშვილს, წამების ამსახველი ვიდეოფირების სკანდალი, სწორედ „ჯიჰადის“ გადასაფარად დასჭირდა. 

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეოს გამავრცელებლის IP მისამართი იდენტიფიცირებულია, რატომ ფერხდება აღნიშნული დანაშაულის გახსნა?

ამ კითხვით, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდით და ტრაფარეტული პასუხი მივიღეთ. 

როგორც გიორგობიანი აცხადებს, „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე გამოძიების დასრულებამდე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებს. 

ეს მაშინ, როცა მინისტრი და მისი თანამშრომლები, გამუდმებით საუბრობენ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავზე, რომელზეც გამოძიება არათუ არ დასრულებულა, არამედ, ხეირიანადაც კი არ დაწყებულა (ნაპოვნ ფირებს არ ჩატარებია ექსპერტიზა, არ არსებობს დასკვნა ავთენტურობის შესახებ).

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, „იუთუბზე“, თალიბების სახელით აიტვირთა ორი ვიდეო-კლიპი. კლიპში ისმის ძალადობრივი და მუქარის შემცველი მოწოდებები ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.  

„პრესა.ჯი“: რატომ ვერ დაადგინა შსს-მ „ჯიჰადის“ ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა? 

 ნინო გიორგობიანი: აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მის დასრულებამდე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- „პრესა.ჯი“ : ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულებს ხომ არ აქვთ რაიმე სახის შეხება აღნიშნულ ვიდეოსთან?

- დაკავებულებთან და ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიების დასრულების შესახებ ჟურნალისტები აუცილებლად გაიგებთ. 

- ითქვა რომ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპი საქართვველოს ტერიტორიიდან აიტვირთა...

- იგივეს გამეორება მიწევს, საქმზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შესახებ ჟურნალისტები აუცილებლად გაიგებთ.