
დიდი გარიგება შედგა, პატიმრების წამებაში მხილებული ბედუკაძე თავისუფალია
17:26:00     19-06-2013
ბედუკაძე-ინაშვილის შორის დიდი გარიგება შედგა. ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებლდა. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ბედუკაძე სამშობლოში შავი სამუშაოს შესრულების შემდეგ გმირის მანტიით დაბრუნდა, რამოდენიმე დღე ციხეში დაჰყო, ახლა კი მორალს კითხულობს.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
„ბედუკაძესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არის ცნობილი, არსებობს დანაშაულებები, რომელთა პატიება არ შეიძლება არვითარ შემთხვევაში. როდესაც საუბარია წამებაზე არავითარ შემთვევაში არ შეიძლება საუბარი იყოს შემსუბუქებაზე“,- მიიჩნევს დეპუტატი თინა ხიოდაშელი.
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ბედუკაძე პირდაპირ კავშირშია ადამიანის წამებასთან და ამაზე მან პასუხი უნდა აგოს.
„ვერანაირი გირაოს და ვერანაირი გარიგების სანაცვლოდ, სრული თავისუფლება და პასუხისმგებლობის მოხსნა ამ ადმაიანისთვის ჩემთვის იყო წარმოუდგენელი. კბილაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს ადამიანი გათავისუფლდა და ალბათ ხვალ და ზეგ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არასწორად იღებს გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
პოლიტიკოსების მსგავსად კბილაშვილს უპირისპირდებიან საზოგადოებისთვიც ცნობილი სახეებიც. ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს რომ „წამების ფაქტების გამოძიებამ და შეფასებამ უფრო ფართო მასშტაბი უნდა შეიძინოს და გასცდეს ერთი პოლიტიკური ძალის ფარგლებს“.
ჩერგოლეიშვილი: „ხელისუფლების ლმობიერი დამოკიდებულება წამებაში უშუალო მონაწილეების მიმართ მარწმუნებს, რომ ეს თემა ხელისუფლებას პოლიტიკური მასკარადის მოსაწყობად და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციისთვის სურს. ამასთან, წამების თემა თავს იჩენს ხოლმე მაშინ, როდესაც ხელისუფლებას კრიზისი აქვს - მას აკრიტიკებენ პოლიტიკური დევნის გამო ჩვენი პარტნიორები, ისინი კი პასუხად წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი წამების კადრების გამოქვეყნებით იმუქრებიან. მაქვს კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ ისინი, ვისაც არა პოლიტიკური მასკარადის ყურება, არამედ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენების, მწამებლების დასჯა გვინდა? ვინც არ ვენდობით ახალი ხელისუფლების სამართალდამცავ სტრუქტურებს იმიტომ რომ ეფექტიანად მათ ჯერ ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ გამოიძიეს (რაფალიანცი, "ჯიჰადის" ვიდეოები)? „
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბედუკაძის დანაშაულები მკვეთრად იკვეთებოდა, კბილაშვილის უწყება აცხადებს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
„ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პირადად გადაღებულმა და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ ფარულად გადაღებულმა ვიდეომასალებმა (ე.წ. კარანტინის დაშლამ) ამხილა არა მხოლოდ ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდები, არამედ ამ ვიდეომასალამ დასაბამი მისცა გამოძიების დაწყებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, რომლითაც მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატიურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, პატიმრების ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას. ზემოაღნიშნული მეთოდები წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის საშუალებას. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა რამოდენიმე ათასი პატიმრის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში ადმინისტრაციის მიერ პატიმართა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ააშკარავებენ. მხილებულმა სისტემურმა დანაშაულმა საშუალება მისცა სახელმწიფოს გაეტარებინა გადაუდებელი ღონისძიებანი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით. სისხლის სამართლებრივი დევნა იქნა დაწყებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების ათეულობით მოხელის, მათ შორის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ. გატარებული ღონისძიებების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემაში აღიკვეთა ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებების შელახვა. ამ ზომებმა, რასაც საფუძვლად ვლადიმერ ბედუკაძის მიერ უშუალოდ და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ გადაღებული ვიდეომასალა (კარანტინის დაშლა) დაედო, ათასობით პატიმარი გადაარჩინა ცემისაგან, წამებისაგან, სექსუალური ძალადობისაგან, დამცირებისაგან თუ სხვა სახის არაადამიანური მოპყრობისაგან, რასაც მათ სასჯელაღსრულების სისტემის მართვის დანაშაულებრივი მეთოდები მომავალში უქადდა.
მხედველობაში მიიღებული იქნა ის, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის საფუძველზე, რომლის გარეშეც ვერც ვლადიმერ ბედუკაძისა და ვერც სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდებოდა. ამ ვიდეომასალის წარმოდგენით ვლადიმერ ბედუკაძემ საფრთხეში ჩააგდო არამარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. საფრთხე შეექმნა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემით ვლადიმერ ბედუკაძემ სისტემურ დანაშაულთან ერთად საკუთარი თავიც ამხილა დანაშაულის ჩადენაში და იმ დროს, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეომასალა გამოსაქვეყნებლად გადასცა მას არ შეეძლო ეფიქრა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იგი შეიძლებოდა პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებულიყო.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემა, ისევე როგორც მისი მითითებით ბორის ფარულავას მიერ კარანტინის დაშლის ეპიზოდის ფარული გადაღება, არ უკავშირდებოდა ანგარებით მოტივს ან სხვა პირადი სარგებლის მიღებას',- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საზოგადოების დიდი ნაწილი ბედუკაძის თავისუფლებას ივანიშვილს მადლიერებას უკავშირებს.
პატიმართა წამების ამსახველი კადრების ეთერში გასვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ‘’პრესა.ჯი’’ წერდა, რომ თამაზ თამაზაშვილის ორგანიზებით, ბედუკაძემ პატიმართა წამება ფირზე ასახა, მოგვიანებით კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგზავნილ „სანდო კაცებს“ გადასცა, 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.
სკანდალური ვიდეო, უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილის 2012 წლის მაისში პირადად აჩვენა.
თუმცა, ერთობლივი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრები „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაევრცელებინა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ექსპერტები სწორედ ამ ვიდეოების „საჭირო დროს“ გამოქვეყბნებას უკავშირებენ.