კანდელაკი: იარაღის საცავების არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა თავდაცის სამინისტროს

  14:06:04     18-06-2013

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების კრიტიკას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკის სახელს უკავშირებს.  „საქმე გვაქვს ევროპელი კანდელაკებთან“,- განაცხადა უსუფაშვილმა ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკის კომენტირებისას.

„პრესა.ჯი“ ბრალდების ადრესატს დაუკავშირდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

- სოციალურ ქსელში კოლექტიურ „კანდელაკიზმზე“ ალაპარაკდნენ, როგორ შეაფასებდით უსუფაშვილის განცხადებას, რამდენად დიდია თქვენი როლი საერთაშორისო ასპარეზზე ახალი ხელისუფლების კრიტიკაში?

- მწვავე კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია, დამახასიათებელია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არ არის პირველი ავტორიტარული ინსტიქტების მქონე პოლიტიკური ძალა,  ვისაც ასეთი რამე მოსდის. საქართველოს ხელისუფლებაც ყველა კრიტიკის უკან შეთქმულებას ხედავს. თითოეული მათგანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ სიმართლე მხოლოდ მათ იციან დანარჩენი მსოფლიო კი ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიერ შეცდომაშია შეყვანილი. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა  მსგავსი განცხადების გაკეთება ბატონი უსუფაშვილისგან. ძალინ სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაეწერა იმ პოლიტიკოსთა სიაში, ვინც თავი იმართლოს იმფანტილური არგუმენტებით. ვისაც მცირე წარმოდგენა აქვს იმაზე თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკა, რა მეთოდებით მოიპოვებენ ისინი ინფორმაციას ხელისუფლების განცხადებებს არ დაიჯერებს. მსგავს სასაცილო მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა უსუფაშვილმა და პრემიერ ივანიშვილმა  მთელი პოლიტიკური კრედიტი მოახმარონ ქვეყანაში არსებულ მძიმე პრობლემებზე ბრძოლას და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილს.

- ევროპელმა დეპუტატებმა  მერაბიშვილის დაკავების ფაქტი უკრაინის პრემიერმინისტრის დაკავების ფაქტს შეადარეს და აღნიშნეს, რომ  იულია ტიმოშენკო საპატიმროში ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მერაბიშვილი...

- ქალბატონ ტიმოშენკოს მერრაბიშვილისგან განსხვავებით არა მარტო ტელევიზორი არამედ ინტერნეტთან წვდომაც აქვს.  პოლიტიკური ოპონენტების დაკავების კუთხით, უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ბევრად მძიმე ვითარებაა. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ოპონენტებზე ნადირობა. დღეის მონაცემებით ათობით  ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული. თუმცა ივანიშვილის რეჟიმი ამ რეპრესიებით მიზანს ვერასდროს მიაღწევს. მიუხედავად რეპრესირებისა „ნაციონალურ მოძრაობაში“  ახალი სახეები მოდიან. ამის სადემონსტრაციოთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენ ჩავატარებთ პრაიმერს, რომელიც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს გამოავლენს.      

- სავარაუდო კანდიდატებზე მინდა გკითხოთ, ამ დრომდე ვრცელდება ორ კანდიდატზე ინფორმაცია ესენი არიან დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე, დაკავებამდე ყველაზე რეალურ კანდიდატად ვანი მერაბიშვილი განიხილებოდა...

- პრაიმერში ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას არ მიიღებს. პრაიმერში  „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრი იქნება წარმოდგენილი. კანდიდატების ვინაობა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.

- იარაღის საიდუმლო სამალავების შექმნის ორი ვერსია განიხილება, შს ირწმუნება, რომ სამეგრელოში წინა ხელისუფლების დროს დასასჯელ პირთათვის განკუთვნილს იარაღს, ნარკოტიკს, ვიდეო ფირებს მიაგნო. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ იარაღის სამალავები შესაძლოა იმ საცავების ნაწილი იყოს, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და რომელიც გრიფით საიდუმლოთია დაცული.

- მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების თემა ხელისუფლებას სჭირდება ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდემასალის გადასაფარად. ისევე როგორც დაღესტნელების დაკავება. რომელიც როგორც აღმოჩნდა ძალიან სუსტ საქმეს წარმოადგენს. საქმე გვაქვს დანაშაულის გადაფარვის მცდელობასთან იმ ძალიან მძიმე დანაშაულისა რომელიც ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობას გულისხმობს. რაც შეეხება სამალავს, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს მეზობელ სახელმწიფოს, არავის უნდა უკვირდეს, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს გარკვეული გეგმები. საქართველოში კი არა შვეიცარიაშიც არის იარაღის საიდუმლო საცავები. იარაღის საცავების სამეგრელოში არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა თავდაცის სამინისტროს. გრიფით საიდუმლო მასალა 2 ოქტომბრის შემდეგ ახალი ხელისუფლების განკარგულებაში იყო. ახლა კი ეს ინფორმაცია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებბისთვის, ჩაყარეს საცავებში ნარკოტიკი, ვიდეოფირები, რაღაც ხელნაწერები. ეს არის კაკებეს- „სუკი“-ს სტილი. ანუ ერთმანეთსი ვურევთ სიმართლეს და ტყუილს. რაც უფრო მეტად ავხლართავთ ამ ორი მცნებას მით უფრო ადვილად დაიჯერებს მას ხალხი.