![სასამართლომ მოძალადე მაღალჩინოსანი დავით გელაძე გაათავისუფლა სასამართლომ მოძალადე მაღალჩინოსანი დავით გელაძე გაათავისუფლა](http://presa.ge/img/multimedia/a24959.jpg)
სასამართლომ მოძალადე მაღალჩინოსანი დავით გელაძე გაათავისუფლა
17:44:38     14-06-2013
18 წლის გიგა სვანის დაჭრისთვის დაკავებულ შსს-ს მაღალჩინოსან დავით გელაძეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 000 ლარი შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ დავით გელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. გირაოს შეტანის ვადად ბრალდებულს 20 დღე განესაზღვრა.
„დავით გელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 26 მაისს, დაახლოებით ღამის 22:30 საათზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურეობრივი ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი ს.-სა და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.
გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით გიგი ს.-ს მიმართულებით მოახდინა ერთი გასროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან“,- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.
„შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ დავით გელაძე გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში და მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განჩინების გარეშე, პირის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც წარმოადგენს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველს. ასევე, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე",-აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.
„პრესა.ჯი“-მ შს მაღალჩინოსნის კრიმინალური დანაშულის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა. Presa.ge-სა და itv.ge-ს ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე შსს-მ მაღალჩინოსანი დააკავა.