ოზურგეთში „მეოცნებეებმა“ საკუთარი დეპუტატი სცემეს

  16:08:14     11-06-2013

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  დიდი განხეთქილება რეგიონებიდან იწყება. ცნობილი ხდება, რომ  „ოცნების აქტივისტებმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ მჟავია სცემეს.

შემთხვევა 7 ივნისს,  მაშინ მოხდა  როცა „ქართული ოცნების“  აქტივისტთა ხუთკაციანი ჯგუფი, ცდილობდა ჩაეშალა „ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერების, ადგილობრივ მხარდამჭერებთან მიმდინარე შეხვედრა.  მათი ეს მცდელობა, ადგილზე მისულმა, ოზურგეთის პოლიციის საპატრულო ეკიპაჟებმა აღკვეთეს.

ადგილზე იმყოფებოდა მჟავიაც, რომელიც „ეროვნული ფორუმის“ წევრმა  ყოფილმა მხედრიონელმა, თენგიზ კაპანაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ის კოალიციის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

თავად მჟავია, მისი ცემის ფაქტს,  სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყოფს.

ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატმა დანაშაული დაფარა და მომხდარზე ოფიციალურად სამართალდამცავებს არ მიმართა.

„გურიის მოამბე“ წერს, რომ თავდაპირველად მერაბ მჟავიამ მომხდარი სიტყვიერად შეატყობინა სამართალდამცავებს,  თუმცა ხელმძღვანელებმა თხოვეს, მას, რომ ეს „პრობლემა შინაურობაში მოეგვარებინათ“.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ მჟავია უნდა დანიშნულიყო. ამიტომ რეგიონში არ გამორიცხავენ, რომ მისი ცემა, ოზურგეთის საკრებულოში მოსალოდნელ არჩევნებსაც უკავშირდებოდეს.