ბავშვის გაუპატიურების გამო განრისხებული ჩხორუწყუელები ღარიბაშვილს აქციებით ემუქრებიან

  14:54:36     10-06-2013

ჩხოროწყუს მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება. ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან  რაიონში გასულ თვეს მოხდარი შემზარავი დანაშაულის ოპერატიულ გამოძიებას მოითხოვენ.  

მიმდინარე წლის 21 მაისს მუსიკალური სკოლის ეზოში, 12 წლის გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, მუქარით სარდაფში ჩაიყვანა და გააუპატიურა.

 შემთხვევა დღის მეორე ნახევარში სწორედ მოხდა. როგორც ცნობილია, ბავშვი მუსიკალურ სკოლაში, პედადოგთან კონცერტისთვის ემზადებოდა. გაკვეთილზე მოსწავლემ საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, ეზოში გამავალს კი უცნობი მამაკაცი შეხვდა და სკოლის შენობა დანის მუქარით დაატოვებინა.

 როგორც დაზარალებულის პედაგოგები იხსენებენ, მოსწავლე სკოლაში 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და აცრემლებულმა სახლში წასვლა მოითხოვა. სახლში მისულმა კი მომხდარი დედას უამბო.

 მომხდარი „პრესა.ჯი“-ს მაშინ შსს-იც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე ჩხორუწყუს რაიონის შს სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. (გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 15-დან 20 წლამდე)

 „პრესა.ჯი“ დღესაც შეეცადა გაერკვია, როგორია მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დააკავა თუ არა პოლიციამ მოძალადე. 

 ოჯახი მედიასთან კონტქტს გაურბის. დაზარალებულის ახლობელმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ გოგონამ თავდამსხმელის სახე ნაწილობრივ აღიდგინა. ოჯახი გაუპატიურების ფაქტზე 40 წლამდე ასაკის, წითურის სახის, ხალიან მამაკაცს ეძებს. 

 ვ.კ. (ოჯახის ახლობელი): ამნისტიის შემდეგ, ჩვენს რაიონში იმდენი ნაციხარი დაბრუნდა, რომ ბავშვის მშობლებსაც და სოფლის მოსახლეობასაც ეჭვი გვაქვს, რომ მოძალადე ერთ-ერთი მათგანია. აბა სანამ მაგ დამნაშავეებს არ გამოუშვებდნენ მანამდე რატომ არ ხდებოდა ასეთი ამაზრზენი ფაქტები. 50 წელს გადაცილებული კაცი ვარ და მე ჩხორუწყუში ასეთი რამის მომსწრე არ ვყოფლვარ. ჩხუროწყუს ასეთი სირცხვილი ჯერ არ ახსოვს.

 რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც „პრესა.ჯი“-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ბრეკაშვილმა უთხრა, მოძალადე დაკავებული არ არის.