
ზაზა ხატიაშვილი: „პოლიციამ ძმები, ლაშა და გიორგი სოზაშვილები აწამა“
16:25:43     05-06-2013
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მმართველ გუნდს უპირისპირდება. ზაზა ხატიაშვილი ძალოვანი სტრუქტურის ორი მაღალჩინოსნის ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაპატიმრებას ითხოვს.
"ირაკლი ღარიბაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი ციხეში უნდა ისხდნენ! ეს ორი ადამიანი სამოქალაქო საზოგადოების მტერია და ისინი ქვეყანას იმაზე უარესს მდგომარეობაში აგდებენ, ვიდრე ადეიშვილ-მერაბიშვილის დროს იყო!
პოლიციასა და პროკურატურაში ისეთი ქაოსი არ მახსოვს! სწორედ იმ დღეს, როცა ქუთაისში საპროტესტო აქცია გავმართე, მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვით, პროკურორის დანაშაულს ისევ პროკურორი იძიებს. ამიტომ იძულებული ვარ, ჩემს მეგობარ ადვოკატებზე, იმის მიუხედავად, რომ მე მათი თავმჯდომარე ვიყავი, ვთქვა - ისინი სულით პროკურორები არიან!
აქცია ქუთაისში ჰაერზე კი არ გავაკეთე, ჯერ შემოვიარე ადვოკატთა დაჯგუფებები თელავში, ფოთში, ბათუმში, გორში და გავარკვიე, მზად იყვნენ თუ არა პროტესტისთვის! ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" რაც არ უნახავს, იმას ვაჩვენებ! - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში.
"ამათ სწორედ ჩემი უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეს დავით უსუფაშვილსა და ქართულ ოცნებას, რომ სააკაშვილთან სამათხოვროდ გამიხადეეს საქმე.
სააკაშვილს მე მოვუწოდე, კანონისთვის ვეტო დაედო. მე რისი უნდა მეშინოდეს! ბიძინა ივანიშვილს ეშინოდეს ჩემი!. მაქვს მტკიცებულებები, რომ ეს მთავრობა უკვე ნამდვილ რეჟიმად ყალიბდება. 3 დეკემბერს პოლიციამ ძმები ლაშა და გიორგი სოზაშვილები აწამა. ერთ-ერთი ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და მეც ხელში მტკიცებულებები ჩამივარდა.
ვიდეოფირი რომ ამოიღოთ, ნახავთ, როგორ აკავებენ მათ უფორმო პოლიციელები, საქმეში კი პოლიციის დახეული ფორმა ჩადეს. ანუ ფორმა დახიეს და მერე ჩადეს მტკიცებულებებში.
სინამდვილეში ძმები თავს არავის დასხმიან. თუ ვანო მერაბიშვილმა ცოლის გამო პასუხი უნდა აგოს, ღარიბაშვილმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი? ერთასაც გეტყვით - "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს ადვოკატების 80 პროცენტი მხარს არ დაუჭერს. ვინც ამ დღეში გვაგდებს, მას ხმას არ მივცემთ! ჩემი მოწოდებით, 2012 წლის ოქტომბერში ივანიშვილს ადვოკატების 80-90 პროცენტი მიემხრო, რაც დღეს გამორიცხულია! - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
წყარო:ივერონი