ლია მუხაშავრია: კორტავას გარდაცვალების მიზეზის დამალვა შეცდომა იყო

  12:14:34     05-06-2013

უფლებადამცველი ორგანიზაცი"ადამიანის უფლებების პრიორიტეტის“ დირექტორ ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას მკვლელობა აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში უფლებადამცველმა შეშფოთება გამოთქვა ციხეებში პატიმართა გარდაცვალების გამო. 

ლია მიხაშავრია: სამწუხაროდ ციხეებში პატიმართა გარდაცვალება გრძელდება. პატიმრების ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ მომხდარა, ამიტომ, სამწუხაროდ, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება ეს პრობლემები კარგა ხანს გაგვყვება.

- გეგუთის ციხეში წამებით მოკლული პატიმარ კორტავას საქმე - სამინისტრომ 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება თავიდან კიბიდან დაგორებას დაუკავშირა, შემდეგ პირველი ვერსია შეცვალა, ამ ეტაპზე ოფიციალური ვერსია პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა, რისაც გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა. კორტავები მომხდარში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ...

- მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, დიდი შეცდომა იყო,  როცა დაიმალა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი. ამ საქმეში მონაწილე ყველა პირს პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს. აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.

- რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიის 200-300 მეტრი დამატებით მიისაკუთრეს, დღემდე გრძელდება საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მცხოვრებთა გატაცების ფაქტები...

- ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება სასაზღვრო სოფლებში. ადამიანთა გატაცება ტერიტორიების მცოცავი ანექსია, რომელიც მიმდინარეობს. ამიტომ ამ საკითხზე უფრო სერიოზული მუშაობაა საჭირო. 

- რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

- ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან დიდი ძალიხმევაა საჭირო, საერთაშორისო ასპარეზზე. ქვეყნის შიგნითაც უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა უნდა გაითავისონ, რომ საზღვრისპირას მცხოვრები ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. 

ჩვენ უფლებადამცველებს მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა შეგვიძლია, რადგან აქ საუბარია დიდ პოლიტიკაზე, რომლის მსხვერპლნი ეს ადამიანები ხდებიან. 

- სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი ერთმანეთს ადანაშაულებენ... კუბლაშვილი წულუკიანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევისთვის აკრიტიკებს, იუსტიციუის მინისტრი კი აცხადებს, რომ კუბლაშვილმა მოსამართლეებთან კონსპირაციული შეხვედრები უნდა შეწყვიტოს...

- ვთავაზობ ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მოგვმართოს და ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ მათ. 

ეს ბრალდებები, რა თქმა უნდა ჯერ უნდა დადასტურდეს, თუ დადასტურდება, რომ პროკურატურა ცდილობს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ან თვითონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახდენს მოსამართლეებზე ზეწოლას, ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ.