
რა მოხდება უშიშროების სააბჭოს დღევანდელ სხდომაზე?
11:10:35     05-06-2013
მივა თუ არა, ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 4 საათზე დაინიშნა? ჯერჯერობით პრემიერის პასუხი უცნობია.
მისი გუნდის არაკომპეტენტური წევრის, მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რომელიც ხშირად არც არის ინფორმირებული ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პრემიერს „ჯერ არ გადაუწყვეტია“ უშიშროების საბჭოს ხდომაზე მისვლა.
უშიშროების საბჭოს სხდომა, ბოლო 8 თვის განმავლობაში გუშინ პირველად დაინიშნა. უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ივანიშვილი სხდომაზე მიიწვია. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
"მობრძანდეს პრემიერი და მისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის სამუშაო ატმოსფერო შექმნილიყო და არა პოლიტიკური მასკარადი", - თქვა გიგა ბოკერიამ.
ბიძინა „ვაშინგტონ პოსტის“ წინააღმდეგ
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ივანიშვილმა, ბოკერია, ფაქტობრივად, „ვაშინგტონ პოსტისთვის“ ნეგატიური სტატიის შეკვეთაში დაადანაშაულა. პრემიერმა განაცხადა რომ მისთვის გაუგებარია თუ რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭიოს მდივანი.
"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?!
ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - თქვა ივანიშვილმა.
მართალია, მისი ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია, თუმცა, მთავარი სხვა რამეა - პრემიერს სერიოზულად სჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი შეიძლება „სიცრუეში აცხოვრო“.
პრემიერის უცნაური მიმართვა გავლენიან ამერიკულ გაზეთს
"მე შევახსენებდი გაზეთის რედაქციას, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ინფორმაციას ამერიკის საელჩო აწვდის და მათ ჩემზე მეტი იციან, თუნდაც რა ხდება პროკურატურაში.
თომას ჰამერბერგმაც გაცილებით მეტი იცის ჩემზე და ჩვენს გუნდზე, რა ხდება კონკრეტულად პროკურატურაში და გამოძიებასთან დაკავშირებით.
წარმომიდგენია, რომ ეშტონიც და ფულეც ინფორმაციას ღებულობენ ჰამერბერგისგან და სხვა დამკვირვებლებისგან და შესაბამისად მათი განცხადებები იყო დაბალანსებული, რამეთუ ობიექტურობას ხედავენ.
მე ვუსვამ კითხვას "ვაშინგტონ პოსტს", რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს, რატომ გამოხატავს უკმაყოფილებას, როდესაც მას არავითარი კვლევა საქართველოში ჩატარებული არ აქვს.
არავითარი დამატებითი ინფორმაცია მას არ გააჩნია. რის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს და რის საფუძველზე აკრიტიკებს და გამოთქვამს უკმაყოფილებას ადმინისტრაციისა და ევროკომისრების მიმართ", - აღნიშნა ივანიშვილმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა.
„საფუძვლიანად ჩნდება ეჭვი, რომ "ვაშინგტონ პოსტი" მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს.
"ვაშინგტონ პოსტის" სტატიის მეორე დღეს, "ფორბსს" საოცრად კარგი და კორექტული პასუხი ჰქონდა“ - დასძინა მან.
რას წერდა „ვაშინგტონ პოსტი“?
„ვაშინგტონ პოსტმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს სტატია, სათაურით: "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია".
სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება წინა მთავრობას, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშილის ხელმძღვანელობით, ბრალს სდებს კანონისთვის თავის არიდებაში, ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში.
"თუმცა ამ წყვილმა ჩაატარა ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში და სწრაფად აღიარა ის დამარცხება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.
მოსაზრება, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული, ისეთივე სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩადეილი თანამდებობრივი დანაშაულისთვის".
"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეკონომიკა შეჩერდა და ხელისუფლება თავს ესხმის ოპონენტებს.
"მილიარდერ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მიხეილ სააკაშვილისგან მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების მიღების შემდეგ შეეძლო, თავი აერიდებინა წინა რეჟიმის სამართლებრივი დევნისთვის და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების ეკონომიკური ზრდის გამყარებაზე.
ამის სანაცვლოდ, ეკონომიკა გაჩერდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში შეუტია", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.
ბოკერიას პასუხი ივანიშვილს
"აქ საქმე გვაქვს ძალიან ღრმა პრობლემასთან საქართველოს ხელისუფლების და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის, ეს არის სრულიად აუტანლობა ოპონენტების არსებობის.
ის ამბობს, ოპონირება მომწონს, მაგრამ სიმართლე უნდა ილაპარაკონო, ანუ რაც მას მიაჩნია სიმართლედ. ეს არის ყველაზე სახიფათო, თუ გნებავთ ფსიქოლოგიური პრობლემა.
ეს არის ღია ავტორიტარული დეკლარაცია. მას შუასაუკუნეობრივი წარმოდგენები აქვს და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. შეიძლება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ეგონოს, რომ ამერიკაში პრესას ვიღაც აკონტროლებს", - აღნიშნა ბოკერიამ.
დღის ინტრიგა...
ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მივა, რათა პრეზიდენტთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე იმსჯელოს.
თუმცა, ექსპერტთა პროგნოზით, პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მივა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ფინასთა, შს, თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძეც არიან მიწვეულნი.
კანონმდებლობის მიხედვით, უშიშროების საბჭოს ხდომის თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი.