ზანგები, ქალები, ჰომოსექსუალები და პოლიტკორექტულობის სინდრომით შეპყრობილი მსოფლიო

  15:57:40     19-01-2011

ალტერნატიული მედიცინის გავრცელებული დარგი – ჰომეოპათია ერთი სპეციფიკით ხასიათდება – გარკვეული წამლის მცირე დოზებით მიღება კონკრეტულ დაავადებას კურნავს, ზედმეტი კი პირიქით – აძლიერებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო (როგორც საკუთარ თავს თავად უწოდებს), ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებების გადაჭარბებული დოზით მიღებამ მეორე უკიდურესობაში გადააგდო.

გასულ კვირას საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ოფიციალურად მიიღო კურიოზული გადაწყვეტილება: წლევანდელ სამიტზე დამსწრე სუსტი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა ხელოვნურად უნდა გაიზარდოს და საამისოდ,  ქალბატონებისათვის სპეციალური კვოტაც დააწესა.

გასული საუკუნის დასაწყისში ასეთ ფაქტს დიდი სოციალისტურ-რევოლუციური მოძრაობების “დედები” – კლარა ცეტკინი თუ როზა ლუქსემბურგი ალბათ ზარ-ზეიმით შეხვდებოდნენ, ხოლო ქალთა უფლებების დამცველები საკუთარ გრანდიოზულ გამარჯვებათა აქტივშიც ჩაიწერდნენ, მაგრამ მას შემდეგ ხომ მთელი ათწლეულები გავიდა, პლანეტაზე მრავალგვარი ისტორიულ-კულტურული ქარტეხილებიც მოხდა და, შესაბამისად, მიდგომებიც შეიცვალა და გადაფასდა.

დღეს აღარავინ დავობს იმას, რომ წარსული ეპოქისთვის უცილობელი აქსიომა, ჟან-ჟაკ რუსოს “ემილი ანუ აღზრდის შესახებ,” –ში გამოთქმული მოსაზრება, “ქალი სახლში უნდა იჯდეს და ჭრა-კერვას სწავლობდეს,” ანაქრონიზმია, მაგრამ მეორე პოლუსზე გადავარდნილი, “უკომპრომისო” ბრძოლა სექსიზმთან, როდესაც ადამიანს უპირატესობა არა მისი ნიჭის და შესაძლებლობების, არამედ სქესის მიხედვით ენიჭება, ასევე სექსიზმი და დისკრიმინაცია რომ არის, ესეც ფაქტია. მაგრამ დასავლეთი იმდენად არის დაავადებული პოლიტკორექტულობის სინდრომით თუ ლიბერალიზმის “გენერალური ხაზიდან” გადახვევის ფობიით, რომ საამისო ანალიზის უნარი საერთოდ დაკარგა და მარაზმშიც გადავარდა.

დასავლეთის გენდერული პოლიტიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება მის მიერ უარყოფილი სამყაროს, “დედამიწის შავ ლაქად” წოდებული ისლამური ქვეყნების პოლიტიკას. სწორედ ამ ქვეყნებშია გავრცელებული მსგავსი მიდგომა ქალთა საკითხისადმი. რომ გადაფურცლოთ ნებისმიერი ირანული გაზეთი, აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ის ფაქტი, რომ 12-დან სულ მცირე ოთხი გვერდი მაინც ქალებს ეთმობა, მათ მოღვაწეობას კულტურაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში. ჰიჯაბიანი ქალები დგანან ტრიბუნაზე, სცენაზე გუნდურად მღერიან (სოლო სიმღერა ეკრძალებათ), თამაშობენ ფეხბურთს და ასე შემდეგ.

ისლამური რევოლუციის შემოქმედები ჩასაფრებულ დედამიწას “თვალებს უყენებენ:” შეხედეთ, სულაც არა არის სუსტი სქესის საქმე ჩვენთან ისე, როგორც თქვენ ხატავთო. იგივე სიტუაციაა ავღანეთშიც: როდესაც თალიბების რეჟიმი დაემხო, მაშინ ახლადმოსულმა “ლიბერალურმა” ხელისუფლებამ პარლამენტში ქალებზე სპეციალური კვოტა დააწესა. კუთხეში მსხდომი, თხემით-ტერფამდე ჩადრში გახვეული ახლადგაპოლიტიკოსებული ქალბატონები, სხდომათა დარბაზში პირზე ხელაფარებულები ჩურჩულებდნენ და ხითხითებდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს ცხოვრება კი თავისი გზით მიდიოდა. ქალების ასეთ დეკორაციებად და გასაფორმებელ საშუალებებად გამოყენება მსგავსი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.

შორიდან შესაძლოა სხვაგვარად ჩანს, მაგრამ თუ ახლოს მივალთ და კარგად დავაკვირდებით, ნახსენები ისლამური სახელმწიფოების ეს პოლიტიკა არცთუ მკვეთრად განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკისგან, რომლებიც ანალოგიურადვე უწესებენ კვოტას ქალებს (პარალელურად, ასევე სხვადასხვა სახის უმცირესობების წარმომადგენლებს) და ამგვარად ცდილობენ პლანეტაზე სექსიზმის აღმოფხვრის ილუზიის შექმნას.

სექსიზმის გარდა, ამ კუთხით განსახილველი კიდევ უამრავი სხვა მომენტია, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში არანაკლებ მარაზმულად გამოიყურება. უცხოურ პრესაში ხშირად გამოითქმება მოსაზრება, რომ ევროპულ-ამერიკული ლიბერალური სამყარო, რომელიც მმართველობის საუკეთესო ფორმად დემოკრატიას მიიჩნევს, ნელ-ნელა უკიდურესობებში ვარდება და საწინააღმდეგო პოლუსად, ლამის უმცირესობების დიქტატურად გარდაქმნის საშიშროება ემუქრება.

დღეს დასავლეთში ხშირად აღნიშნავენ: უნივერსიტეტებში, სამსახურებში, კონკურსებზე უპირატესობა ენიჭება არა ნიჭიერ კადრს, არამედ შავკანიანს, ლათინოამერიკელს, რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს. ექსპერტების აზრით, დასავლურ საზოგადოებას უმცირესობების წინაშე დამნაშავეობის შეგრძნების კომპლექსი აწუხებს და ვერ აცნობიერებს, რომ ამით უფრო მეტად აყენებს მათ დისკრიმინირებულის პოზიციაში.

გადაჭარბებულმა პოლიტკორექტულობამ გამოიწვია ის, რომ აქ უკვე სირცხვილია წარმატებულს წარმატებული დაარქვა, მახინჯს - მახინჯი, იდიოტს - იდიოტი, შავს – შავი უწოდო და თეთრს – თეთრი, ანუ “უჩინარი განმკარგულებელი” ვალდებულებას გიყენებს, რომ თავი მოიტყუო მითიური “საერთო უფლებებით” საზოგადოების წინაშე.

ამ სამყაროში ინდივიდუალობა ნელ-ნელა ქრება. დღეს აშშ და ევროპა ცდილობს როგორმე დააბალანსოს ის მდგომარეობა, რაც მათ ემიგრანტების მოზღვავების შემდეგ შეექმნათ, მაგრამ საკმარისია რაიმე ღონისძიების გატარება მათ წინააღმდეგ და სკანდალიც ატყდება: მათგან უნდა ითმინო ყველაფერი, დანაშაულებიც კი, რათა ღმერთი არ გაუწყრეს და ემანდ დისკრიმინაციაში არავინ გამოგიჭიროს. როგორც ამბობენ, უნივერსიტეტებში პროფესორებსაც კი ეშინიათ დაბალი ქულა დაუწერონ შავკანიან სტუდენტს, რათა მავანმა არ დაადანაშაულოს რასიზმში, რასაც სკანდალი და, შესაძლოა, სასამართლოც მოჰყვეს. ზედმეტი თავის ტკივილი კი არავის აძლევს ხელს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ძალიან სახიფათოა მეძავს უწოდო მეძავი და არა sex-worker, თავისუფლად გამოთქვა შენი აზრი ნარკომანსა თუ ალკოჰოლიკზე, არის კომიკური შემთხვევებიც, როცა შექსპირსაც კი სექსიზმში ადანაშაულებენ. თუ ვინმეს თავში გაუჭაჭანდა “ალტერნატიული” აზრი, რომ შავკანიანები სპორტში უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე სხვა სფეროში, იმწამსვე შიში იპყრობს და თავს იკავებს საკუთარი შეხედულების ხმამაღლა დაფიქსირებისაგან - ვაიდა, ის რასიზმში დაადანაშაულონ?! ისრაელის სახელმწიფოს გაკრიტიკება, ავტომატურ რეჟიმში, ანტისემიტიზმად ითვლება, რასაც ჰოლოკოსტის აჩრდილით სპეკულირება და ათწლეულების წინანადელი კადრების თვალწინ ფრიალი მოსდევს.  არადა, არავინ იცის, სად გადის ზღვარი რასიზმსა და რეალობას შორის. ეს ყველაფერი ანგრევს ლამაზ მითს დასავლეთში არსებული სრული თავისუფლების შესახებ.

პრესა ზოგჯერ ამზეურებს-ხოლმე ფაქტებს, როცა პოლიცია ვერ აპატიმრებს დამნაშავეებს, რადგან ისინი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, ან ლათინოამერიკელ ემიგრანტებს მიეკუთვნებიან. საზოგადოება უკვე ისეა დაშინებული, რომ იძულებულია ეზოპეს ენით ილაპარაკოს და არ დაარქვას საგნებს და მოვლენებს თავისი სახელები, რადგან, მტრისას, თუ ვინმე გააბრაზა, შესაძლოა, ან სამსახური დაკარგოს, ან რეპუტაცია და რასისტის, ჰომოფობის, ან სექსისტის “სასიკვდილო” იარლიყიც აიკრას სამუდამოდ, რაც სულ მცირე სსრკ-ს დროინდელი “ხალხის მტრის” სტატუსის ტოლფასია.

მაგალითად, ბევრს ახსოვს, რომ კანადაში, ტორონტოში, პოლიციის აღწერილობაში დიდხანს იყო აკრძალული დამნაშავის კანის ფერის მითითება. პოლიცია თავის საგაზეთო განცხადებებში იძულებული იყო გამოეყენებინა იგავების ენა, რომ რაც შეიძლება აკურატულად აღეწერა დამნაშავე. მთელი ქალაქის ბანდებს შეეძლოთ მშვიდად ეთარეშათ, სადაც მოეპრიანებოდათ, მაგრამ, რაც მთავარია, პოლიტკორექტულობა ხომ დაცული იყო.

მსოფლიოს პრესა მოიარა სხვა შემთხვევამაც: ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერმა ქალმა, რომელსაც დოქტორის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტში გამოსვლისას შაჰიდის სიმამაცე გამოიჩინა და ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ გამოვიდა. აქ მოხდა, რაც მოხდა. საბჭოთა პარტშეკრებების მესვეურებს რომ ენახათ, შურით დაიხოცებოდნენ. ქალბატონის წინააღმდეგ ყველა მხრიდან წარმოუდგენელი აგრესია წამოვიდა. უმრავლესობის განაჩენით, წარმოდგენილ პიროვნებას არ ჰქონდა მორალური უფლება ასეთი მაღალი ხარისხი დაეკავებინა. ესეც თქვენი სიტყვის თავისუფლება.   

პოლიტკორექტულობა ბევრ შემთხვევაში უკვე კომიკურ ელფერს იძენს. აი, ზოგიერთი მაგალითი: პოლიტკორექტულობის “სახელმძღვანელო” გვასწავლის - თუ ბავშვი ზარმაცია, მისთვის ამ ეპითეტის წოდება არაპოლიტკორექტულია, უმჯობესია უწოდო “ნაკლებად ენერგიული ადამიანი.” არასასურველი კაფე არ უნდა მოიხსენიო, როგორც “საზიზღარი,” არამედ უნდა აღნიშნო, რომ “იქ კვება წარმოადგენს პრობლემას,” ადამიანზე მსუქანი კი არ უნდა თქვა, არამედ “ჰორიზონტალურად განვითარებული,” უპატიოსნო პიროვნებაზე ვამბობთ, “ეთიკასთან მწყრალადაა” და ასე შემდეგ.

ამერიკელები ხუმრობენ, რომ აშშ-ში სამსახურში მიღებისას იდეალური კანდიდატურა პუტკუნა, შავკანიანი ლესბოსელია, მის გამოცდილებას და განათლებას კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა სრული ფიასკო განიცადა ამ ორი მოვლენის ინტერესთა კონფლიქტისას, რასაც ჰქვია პოლიტკორექტულობა და სიტყვის თავისუფლება. დღეს უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი დარეგულირდება, მოიძებნება “ოქროს შუალედი” და პოლიტკორექტულობის დღევანდელი მაგალითები მხოლოდ იუმორისტულ სერიალებსღა შემორჩება გასახსენებლად. თუმცა, ამ ეტაპზე საამისო კონტურები არცთუ კარგად არის გამოკვეთილი.