კანდელაკი: ვიმედოვნებ, რომ ივანიშვილი არ დაადანაშაულებს „ვაშინგტონ პოსტს“...

  13:41:11     03-06-2013

„საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა გავლენიანმა  ამერიკულმა  გაზეთმა  "ვაშინგტონ პოსტმა" სარედაქციო წერილი, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის დაკავების გამო, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მკაცრადაა გაკრიტიკებული. სარედაქციო საბჭოს წერილი, პირველი ივნისით თარიღდება.

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველო უკრაინის გზას დაადგა.  პრემიერი ივანიშვილი კი, იანუკოვიჩის მსგავსად, პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება.

„პრესა.ჯი“ აღნიშნული მასალიდან რამოდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ: 

ახალი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არწმუნებს თანამოქალაქეებს, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასავლეთთან ურთიერთობებს ზიანს არ მიაყენებს...

- ივანიშვილს, რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერს, შეეძლო -ნი სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის სანაცვლოდ არ დაეშვა წინა რეჟიმის წარმომადგენელთა დევნა და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე. ამის ნაცვლად, ეკონომიკა გაჩერდა, მაშინ როცა ახალი მთავრობა ოპონენტებს თავს ესხმის სასამართლოებსა და ქუჩაში.

ბევრი ქართველი, რომელმაც ხმა მისცა -ნი სააკაშვილის მმართველობის დასრულებას, გმობს ამგვარ ტაქტიკას. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ძლიერი სახალხო მხარდაჭერა "ვარდების რევოლუციის" მყარი მემკვიდრეობაა.

დროა, ევროკავშირის ლიდერებმა, ისვე როგორც ობამას ადმინისტრაციამ, ნათელი გახადოს, რომ -ნი ივანიშვილის მიერ მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელების შემთხვევაში ეს კარი დაიხურება.

„პრესა.ჯი“-მ აღნიშნულ მასალაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შეფასება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი კანდელაკს სთხოვა. 

გიორგი კანდელაკი: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ვაშინგტონ პოსტი" არის ამერიკის შეერთებული შატატების საზოგადოებრივი აზრის მთავარი ჩამომყალიბებელი გამოცემა.

ვიმედოვნებ, რომ კრიტიკული წერილის მიუხედავად, მთავრობა და პირადად ივანიშვილი არ დაადანაშაულებს „ვაშინგტონ პოსტს“ ოპოზიციური ძალის სატელიტობაში და დაუფიქრდებიან იმ კრიტიკას, რომელიც გამოცემის სარედაქციო ჯგუფის მიერაა ხელმოწერილი. 

სტატიიდან გამოვყოფდი ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენებას, რადგან მართლაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მერაბიშვილი შეაფერხებდა გამოძიების მიმდინარეობას. 

სწორედ ასეთი ნაბიჯები აშიშვლებს ამ საქმის პოლიტიკურ კონტექსტს. 

ჩემი აზრით, იმას რომ დასავლეთმა აითვალწუნოს საქართველო, რომლის შემთხვევაშიც მოგებული მხოლოდ რუსეთი რჩება, ჯობია  ივანიშვილის გუნდმა შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მიხედოს საქმეს.

- "ვაშინგტონ პოსტი" სარედაქციო წერილში ასევე საუბარია იმაზეც რომ ეკონომიკა გაჩერდა, მაშინ როცა ახალი მთავრობა ოპონენტებს თავს ესხმის სასამართლოებსა და ქუჩაში...

- მასალაში ობიექტურადაა ასახული ის პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარდა. უამრავმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, საგანგაშოა ეკონომიკის მაჩვენებელიც. 

ამიტომ, ჯობია, ხელისუფლებამ ამ პრობლემების დროულად მოგვარებაზე იზრუნოს და შეეშვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დევნას. ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“  ვერ გაანადგურებს.

- თუმცა, ივანიშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება დააანონსა...

- პრემიერს მრავალი უცნაურობა ახასიათებს, ასეთებს შორის შედის ცნობილი დაჭერების წინასწარ დაანონსებაც. პრემიერის მიერ მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების დაანონსება ნიშნავს იმას, რომ ის მიმართულებას აძლევს გამოძიებას და ადასტურებს გამოძიების პოლიტიკურ ხასიათს. 

- საოკუპაციო ზოლის თვითნებურად გადმოწევის შესახებ, პაატა ზაქარეიშვილმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა - თქვა რომ 200-300 მეტრის გამო რუსებს ომს ვერ დაუწყებს...

- ვიმედოვნებ, ახლა მაინც გაიგებს ივანიშვილი, რომ რუსეთი ემტერება არა რომელიმე ლიდერს, არამედ სახელმწიფოს. ამიტომ, მსგავსი არაკომპეტენტური ნაბიჯებით, პრემიერი საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის. 

რაცშეეხება პაატა ზაქარეიშვილის კომენტარს, სამწუხაროდ ეს ადამიანი კარგა ხანია იქცა არა საქართველოს, არამედ რუსეთს პოზიციის გამხმოვანებლად.

ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მის ინტერესებში საქართველოს დაცვა არ შედის. 

ვიმედოვნებ, ზაქარეიშვილის განცხადება იქნება სტიმული უმრავლესობის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც არ ლობირებენ რუსეთს, რომ გამოხატონ პროტესტი და გამოთქვან უკმაყოფილება. დააფიქსირონ ის, რაც ათწლეულებია ყველამ კარგად ვიცით - რუსეთის მთავარი მიზანი არის ჩვენი სახელმწიფოს იდეის განადგურება.