
მოქმედი პოლიციელების პროტესტი ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო
17:20:52     31-05-2013
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო, პოლიციაში უკმაყოფილება იზრდება.
კრიმინალური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, პოლიციის აკადემიისა და სხვა სამსახურების რიგითი თანამშრომლები, პირად საუბრებში ღიად გამოხატავენ პროტესტს შს ყოფილი მინისტრის დაპატიმრების შესახებ.
მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ მერაბიშვილი, პრემიერ ივანიშვილის პირადი პატიმარია.
რა ხდება შს სამინისტროში?
ორი დღის წინ, შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა, საქართველოს კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან საუბარში ცალსახად განაცხადა, რომ მერაბიშვილის დაკავება „შეცდომა და პოლიტიკურად მოტივირებულია“.
კრიმ-პოლის უფროსებმა, პოლიციელები გააფრთხილეს, რომ „მსგავსი განცხადების განმეორების შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გააგდებენ“.
მერაბიშვილისა და ყოფილი პოლიციელების დაკავებამ გააღიზიანა თბილისის პოლიციის თანამშრომელთა დიდი ნაწილიც. ისინი ფიქრობენ, რომ შს სამინისტროს არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ მისი სიმამრი - თამაზ თამაზაშვილი აკონტროლებს.
იგივე სიტუაციაა პოლიციის აკადემიაშიც. მაგალითად: აკადემიის უფროსის მოადგილემ, ლუკა კურტანიძემ აკადემიის უფროსს, 4 თანამშრომლის, მათ შორის ერთი ქალის გაგდების რეკომენდაციით მიმართა. მისი აზრით, ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ არიან და მერაბიშვილს ფარულად გულშემატკივრობენ.
ფარული ბუნტია საპატრულო პოლიციაშიც. თბილისის პატრულთა ნაწილი არც თუ კორექტულად მოიხსენიებს ახალ ხელმძღვანელობას. ისინი, მერაბიშვილის დაჭერას შურისძიებად აფასებენ და საპატრულო პოლიციაში არსებულ კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.
გარდა მერაბიშვილისა და ზოგადად, პოლიციის თანამშრომელთა დაპატიმრებისა, შს სამინისტროს წარმომადგენლები, გაზრდილი კრიმინალის, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებსა და პოლიციის უფროსებს შორის არსებული ალიანსის გამოც ჩივიან.
ვანო მერაბიშვილის სიტყვა
სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ივანიშვილის პირადმა პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, გუშინდელ სასამართლო პროცესზე. მან თავისი დაკავების მიზეზი განმარტა.
"შემთხვევითი არ არის ჩემი დაკავება 26 მაისის საქმეზე. იმ ფონზე, როცა აქციაზე დაღუპულთა მკვლელი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს.. ეს არის ივა ჩიღვინაძე.
შემთხვევითი არ არის ჩემი პატიმრობა მაშინ, როცა ჩემს მიერ დაჭერილი ყველა "კანონიერი ქურდი", ყაჩაღი და რუსეთის ჯაშუში გათავისუფლებულია ამ რეჟიმის მიერ.
ამ ფონზე ლოგიკურია, რომ მე, როგორც მათთან მებრძოლი, ვიჯდე ციხეში", -განაცხადა მერაბიშვილმა გუშინ, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.