
შიდა ქართლის გუბერნატორი: თუ ოკუპაციის პროცესი გაგრძელდა, ხალხი სოფლებს დატოვებს
14:54:24     30-05-2013
რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები, მეოთხე დღეა, სოფელ დიცთან, 300 მეტრით გადმოწეული ოკუპაციის ხაზის გამაგრებას განაგრძობენ.
როგორც „პრესა.ჯი“-ს სოფელ დიციდან აცნობეს, სოფლის საძოვრისა და სამეურნეო ნაგებობების ნაწილი, ასევე სასაფლაო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება, რის გამოც მოსახლეობა დიცისა და დვანის დატოვებას აპირებს.
ადგილობრივების პანიკას, საოკუპაციო ხაზთან ქართველების დაკავების ფაქტიც ამყარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა როსტომ სოსიაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვერთის ბრალდებით დააკავეს.
„პრესა.ჯი“ საზღვრისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ ჩხეიძეს ესაუბრა.
გუბერნატორის, განცხადებით, დიცისა და დვანის მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე მართლაც არსებობს.
ზურაბ ჩხეიძე: როგორც იცით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სოფელ დიცთან, ოკუპაციის ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია და თუ ოკუპაციის პროცესები გაგრძელდა, სოფლების დაცლა გარდაუვალი იქნება. ხალხი სოფლებს დატოვებს.
თუ ეს ადამიანები საძოვრებისა და მიწების გარეშე დარჩნენ, თავი ვერ იგრძნეს უსაფრთხოდ, მიგრაციული პროცესები დაიწყება.
- მას შემდეგ, რაც ოკუპაციის ხაზი 300 მეტრით გადმოიწია, რა განწყობაა მოსახლეობაში? გუშინ ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკვე დააკავეს ერთი ადგილობრივი...
- ეს მავთულხლართები გადის კონკრეტულ სოფლებზე, მიწის სავარგულებზე, ბუნებრივია იქმნება დიდი პრობლემა.
- აღმოჩნდა თუ არა, მოხასლეობის ნაწილი, ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, ოკუპანტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე?
- ეს არ ეხება მარტო დვანსა და დიცს. ეს ეხება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტსაც.
- თუ აწვდით ინფორმაციას ცენტრალურ ხელისუფლებას?
- ჩვენი მხრიდან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ რაც თებერვალში საოკუპაციო ჯარების მხრიდან პირველი გადაადგილება შევნიშნეთ. არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას უფრო აქტიური მოლაპარაკებები ამ საკითხში, მაგრამ უშედეგოდ. რუსები აგრძელებენ იმ გეგმას, რომლის მიზანია, ქვეყნის სრული ოკუპაცია.