
ვიდრე პრემიერი ერთობა - რა ჩამოიტანა ხომერიკმა ივანიშვილისთვის?!
13:13:50     30-05-2013
საქართველო, 29 მაისი, ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ სოლისტის, ანსამბლ „ალილოს“ დამაარსებლის, გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ხელოვნების ფესტივალ „ქართული სული 2013“ - ის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებას, რომელიც გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ვიდრე პრემიერი ერთობა, რუსები სოფელ დიცთან ოკუპაციის ხაზსს სწევენ, პრემიერ-მინისტრი კი რუსებს ისევ ელოლიავება, ერთ საპროტესტო ნოტასაც არ აგზავნის და მეტიც, მისი მთავრობის მინისტრები რიხით აცხადებენ, 300 მეტრის გამო რუსეთთან ომს ხომ არ დავიწყებთო?
ვიდრე პრემიერი მუსიკალურ ნოტაზეა და მეუღლესთან ერთად „კულტღონისძიებებს“ არ აცდენს, რუსები ქართული პოლიტიკის სრული ბატონ-პატრონები ხდებიან.
პრორუსული ვექტორის გაძლიერებას, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი კრემლის ოფიციალური შიკრიკის თბილისში დაბრუნება მოასწავებს.
ვლადიმერ ხომერიკი უფროსი ძმის ენით ესაუბრება ივანიშვილს. როგორც კომპეტენტური წყაროები ამბობენ, ის, გარკვეული გზავნილებით პირადად პუტინისგან, პერსონალურად ივანიშვილისთის გადასაცემად დაბრუნდა თბილისში.
„ვის აქვს საქართველო ოკუპირებული, რუსეთს? - მაშინ ჩვენც ოკუპირებული გვაქვს რუსეთი: ერთი მილიონი ქართველი ვცხოვრობთ რუსეთში!" - აღნიშნული მოსაზრება "რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა ვლადიმერ ხომერიკმა „პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა.
მისივე განცხადებით, „პუტინი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს, თუმცა პრემიერი ივანიშვილი ჯერ ამისთვის მზად არ არის“.
„მე ვარ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და ის მზად არის, შეხვდეს ივანიშვილს. სამწუხაროა, რომ ივანიშვილი ამისთვის მზადყოფნას არ გამოთქვამს. პუტინმა უნდა მოამზადოს ეს შეხვედრა?!
ეს უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ინიციატივა. ახალმა მთავრობამ განცხადება უნდა გააკეთოს, როგორ უყურებს ამ შეხვედრას. პუტინი არაფერს ითხოვს და მზად არის, ყველა საკითხზე ელაპარაკოს ივანიშვილს," - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
„რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ვლადიმერ ხომერიკი საქართველოში ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების ინიციატივითაც გამოდის: "მუზეუმის არსებობა და საქართველოს მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარება დიდი პრობლემაა".
„პრესა. ჯი“-ს წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩამოვიდა ხომერიკი თბილისში და მას ივანიშვილთან კონკრეტული გზავნილები და ულტიმატუმები აქვს: პრინციპში, ხომერიკმა ეს უკვე გაასაჯაროვა კიდეც.
როგორც ჩანს, მან უნდა მოამზადოს ივანიშვილ-პუტინის სამომავლო შეხვედრა, რომელიც ალბათ მალე გაიმართება. უნდა მიაწოდოს ივანიშვილს ინფორმაცია, რომ სოჭის ოლიმპიადამდე მისმა ხელისუფლებამ რუსებთან სიტუაცია გაარკვიოს და დაალაგოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს პუტინი არჩევნებამდე მიცემული პირობების შესრულებას სთხოვს, რის სანაცვლოდაც მან საარჩევნოდ მხარდაჭერა მიიღო.
პრემიერი კი ამის ფონზე ჯერ მხოლოდ კონცერტებზე სიარულით შემოიფარგლება, უკვირს რუსების პოლიტიკა და ისევ 10:00-ზე იძინებს. რას უპასუხებს ხომერიკის ულტიმატუმს ივანიშვილი, ჯერ უცნობია.
ასევე უცნობია, მათი შეხვედრის ადგილი და კონსპირაციული მორიგების დეტალებიც, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსების ხელის მოთათუნების მოლოდინშია და რუსებს „ეტენება“.
გივი თარგამაძის თქმით, ის ადამიანები ვინც სოფელ დიცში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ, სწორედ იმავეს ამბობდნენ, რასაც ,,ქართული ოცნება" და ზაქარეიშვილი: ,,ის ადამიანები, ვინც იქ დაგვხვდნენ, გამოხატავდნენ ქართული ოცნების პოზიციას, ისინი ამბობდნენ, რომ აშშ-ს უნდა გავეყაროთ და რუსებს შევეტენოთ, ზაქარეიშვილიც იგივეს ამბობს, კი არ უნდა შევეტენოთ, მაგრამ უნდა ჩავიფუშოთ და ჩავფლავდეთ, იმიტომ რომ რუსეთი ბედნიერი იყოსო.
ეს ყველაფერი კი არაღიარების პროცესსაც შეაჩერებს და დაიწყება აღიარების პროცესები. ხელისუფლებასაც ეს სურს, რომ მათაც დაისვენონ და რუსებმაც ხელი მოუთათუნონ, რომ კარგად შეასრულეს დავალება", - განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, რუსეთთან პრობლემა არ მოიხსნება არც რუსეთის აგენტების პოლიტპატიმრად გამოცხადებით, არც ონიშჩენკოს ინსპექტორების დევნით კახეთის ქარხნებში, არც კრემლში ჩამოვლილი დავლურით, არც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით და არც პოკლონაია გორაზე რუსული ჯარისთვის დაკრული ტაშით.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ პოლიტიკა, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ, ჩაფლავდა. უნდა აღიაროთ, რომ ეს მექანიზმები უსარგებლო და ახლა უკვე დამაზიანებელია", - მიმართა წიკალურმა „ქართულ ოცნებას“.