ზაზა ჭაია: „ლაშა ნაცვლიშვილმა მითხრა, თამაზაშვილი გაგამწარებსო“

  15:22:22     28-05-2013

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციელმა, ზაზა ჭაიამ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ადვოკატის შუამდგომლობას მისთვის აღმკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახის შეფარდებასთან დაკავშირებით. როგორც ჭაიამ განაცხადა, თუკი რომელიმე პოლიციელი აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში წინასწარ პატიმრობაში იქნება მიცემული, მასაც სურს, რომ დააპატიმრონ. 

"საქმეში მონაწილე და მასთან დაკავშირებულ პოლიციელებს დიდი ხანია, ემუქრებიან და ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. გასული წლის ოქტომბერში შემხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და მითხრა, რომ თამაზ თამაზაშვილის თემაზე უნდა გესაუბროო.

მან მითხრა, რომ თამაზაშვილი გაგამწარებსო. სასამართლოს ეზოში ახლა დავინახე სპეცრაზმის ექვსი მანქანა. არ ვეთანხმები ადვოკატს და მოვითხოვ, რომ თუკი რომელიმე პოლიციელს შეეფარდება პატიმრობა, მეც ვითხოვ წინასწარ პატიმრობას. ასევე ვაგრძელებ უვადო შიმშილობას იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პოლიციელი, რომელიც თამაზაშვილის გამოა დაკავებული, ბრალდებული არ არის", - განაცხადა ზაზა ჭაიამ

დღესვე კიდევ ერთმა ბრალდებულმა გრიგოლ კვინიკაძემაც გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, თამაზაშვილის დაკავების ფაქტზე და გამოძიების დაწყებამდე ხორციელდებოდა ზეწოლა, ასევე 24 მაისამდე, როდესაც 6 პოლიციელს დააკავებდნენ, იყო შეთავაზება, რომ ერთ-ერთს ბრალი ეღიარებინა, დანარჩენებს გაუშვებდნენ და იმ ერთ ბრალდებულსაც საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, თუმცა როგორც კვინიკაძემ განაცხადა, არც ერთი პოლიციელი ამაზე თანახმა არ იყო და ზუსტად იმ საღამოს მოხდა მათი დაკავება. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრ ღარიბაშვილის დავალებით, პოლიციამ თბილისის კრიმ-პოლის ყოფილი უფროსი, ზაზა ჭაია, თბილისის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ კვინიკაძე და სხვა პოლციელები დააკავა. მათ ბრალად ედებათ შს მინისტრ ღარიბაშვილის პატივცემული სიმამრისთვის, კახა თარგამაძის კადრის, ბატონ თამაზ თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადება.