სუბარის უწყებამ მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი შეცვალა (ვიდეო)

  13:09:24     24-05-2013

"საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები.

მსჯავრდებულ ლ.კ-ს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში.

მიყვანის მომენტში მსჯავრდებულს ესინჯებოდა არტერიული წნევა 120/80-ის ფარგლებში, ნორმალური პულსაციით, რაც დაფიქსირებულია მიღების ჟურნალში. სამწუხაროდ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა", - ეს განცხადება სუბარის უწყებამ გუშინ გაავრცელა. დღეს კი მინისტრმა, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი შეცვალა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მსჯავრდებული პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ემსხვერპლა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას და თავად მინისტრს,  პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმაროს.