![სასჯელაღსრულების სამინისტრო ირწმუნება, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა სასჯელაღსრულების სამინისტრო ირწმუნება, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა](http://presa.ge/img/multimedia/a24800.jpg)
სასჯელაღსრულების სამინისტრო ირწმუნება, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა
19:15:14     23-05-2013
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის სამედიცინო ცენტრში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ.
"საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები.
მსჯავრდებულ ლ.კ-ს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში.
მიყვანის მომენტში მსჯავრდებულს ესინჯებოდა არტერიული წნევა 120/80-ის ფარგლებში, ნორმალური პულსაციით, რაც დაფიქსირებულია მიღების ჟურნალში. სამწუხაროდ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამინისტროს ცნობით, ზუსტი დიაგნოზი ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.
მიუხედავად სამინისტროს ოფიციალური პოზიციისა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარი ცემისგან გარდაიცვალა და სასჯელაღსრულების სამინისტრომ შემთხვევითი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო - თითქოს მსჯავრდებული კიბეზე დაგორდა და მიღებული დაზიანებისგან დაიღუპა.