
უგულავა: დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო
11:50:13     23-05-2013
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მორიგი დაკვეთა მისი დაპატიმრება იყოს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მათ უფრო მეტი გამოწვევისთვისაც გაუძლიათ.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის დაკავების ფაქტს, თბილისის მერი თვლის, რომ მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა იყო.
გიგი უგულავა: ყველანი ჩამოვლენ, არავინ აპირებს გაქცევას. თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერია.
თბილისის მერმა ხელისუფლებას მოუწოდა, რეალური პრობლემები მოაგვაროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. უგულავა საქართველოში გუშინ გვიან ღამით, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან ერთად დაბრუნდა.