დავით ბაქრაძე: მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის დაპატიმრება უსუსური ბრალდებებით მოხდა

  17:52:36     21-05-2013

“ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება უსუსური ბრალდებებით მოხდა”- ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტი.

დავით ბაქრაძე: ის, რომ ლიდერების დაპატიმრება მოხდა 21 000 ადამიანისთვის ხელფასის გადახდის გამო, სამარცხვინოა. თუ ეს მთავრობა 4 მილიონ ადამიანს გადაუხდის ხელფასს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ და პირობას ვდებთ, რომ არ დავიჭერთ. 

ბაქრაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ  ბრალის წარდგენისას 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს ოფიციალურად ბრალი არ წარდგენია, თუმცა განაცხადეს, რომ ამ საქმეებში მისი ბრალეულობა იკვეთება. 

„პროკურატურას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ბრალი მერაბიშვილს, თუ მართლა გამოკვეთილია მისი ბრალი ამ საქმეებში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეების ხსენებით ხდება საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა. ნუ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით!“,- განაცხადა ბაქრაძემ.

კითხვაზე ვინ  დაიკავებს მერაბიშვილის პოსტს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პასუხის გაცემა არ ისურვა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმები არ იცვლება, პარტია აგრძელებს მუშაობას. 

ბაქრაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას და შედეგი იქნება საქართველო, სადაც ადამიანებს ხელფასის დარიგებისთვის არ დააპატიმრებენ.