ივანიშვილმა სოსო ალავიძეს მილიონების მოპარვა აპატია
14:54:28     21-05-2013
მიუხედავად მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, პროკურატურას დღემდე არ წაუყენებია ბრალი თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსისთვის. მეტიც, პროკურატურას, სოსო ალავიძისთვის დაკითხვის უწყებაც კი არ გაუგზავნია.
მართალია, ალავიძე, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების დაკავებისთანავე გაიქვა საქართველოდან, თუმცა, კბილაშვილს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საჯარო განცხადების გაკეთება მაინც შეეძლო იმის შესახებ, რომ კორუფციული სქემისა და მილიონების მითვისების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სწორედ სოსო ალავიძე იყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა გამოძიებას სკანდალური ჩვენება უკვე მისცეს.
სწორედ ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ კორუფციულ სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, შევარდნაძის დროინდელი თბილისის პოლიციის უფროსი, სოსო ალავიძე და შს მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, დავით ბედია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნახუცრიშვილმა და სხვა ეჭვმიტანილებმა, რომლებიც კორუფციული სქემის ბრალდებით დააკავეს, გამოძიებას უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ნახუცრიშვილი სოსო ალავიძის მძახალია. რამდენიმე თვის წინ, მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა სოსო ალავიძის შვილს, გიორგი ალავიძეს.
სხვათაშორის, ნახუცრიშვილი წინა ხელისუფლების დროსაც იყო დაკავებული ხაზინიდან 2 მილიონის გაფლანგვის ფაქტზე.
სოსო ალავიძის ნათესავია შს მინისტრის მოადგილე დავით ბედიაც. ის ალავიძის დედის დისშვილია. საყურადღებოა ისიც, რომ დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორისაა ომარ ბედია - ასევე სოსო ალავიძის ნათესავი.
ინფორმაციის თანახმად, სოსო ალავიძე, დაკავებულ ვაჟა ნახუცრიშვილთან და ომარ ბედიასთან ერთად, ზეწოლას ახდენდა ექსპერტზე, რომ დასკვნა ჩეხური ტრაქტორების სასარგებლოდ დაეწერა.
"ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ მოწმის ჩვენება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ალავიძესთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ რომ ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი სამინისტროსადმი საჯაროდ გამოთქმული ეჭვების შემდეგ, პოლიციამ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები დააკავა და განაცხადა, რომ გახსნილია კორუფციული სქემა. გამოძიების ინფორმაციით, ჩინოვნიკებმა მილიონობით ლარი მიითვისეს.
პ.ს: ჩინოვნიკთა დაკავების შემდეგ, გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე, რომელსაც რევოლუციის შემდეგაც კორუფციული სკანდალის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება (კირვალიძე 2004 წელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო).
სოციალურ ქსელში გავრცელდა წულუკიანის სმს-ბიც, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის მინისტრი სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანს სმს-ს უგზავნის და წერს, რომ "მისი დახმარება არ შეუძლია, მაგრამ ამ საქმეს სტრასბურგამდე მიიტანს". ამავე ინფორმაციის თანახმად, წულუკიანმა ივანიშვილს ქონდრის კაცი უწოდა და განაცხადა, რომ პრემიერის სტრასბურგში გამოსვლის გამო, სირცხვილით იწვოდა.