
თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
18:16:43     16-05-2013
იუსტიციის სახლის დიასახლისი მორიგ სკანდალში ეხვევა. საზოგადოებას, თეა წულუკიანის დიპლომის ირგვლივ განვითარებული ვნებათაღელვა, ჯერაც არ დავიწყებია, ინტერნეტ სივრცე კი უკვე მორიგმა სკანდალურმა ინფორმაციამ მოიცვა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაჩნდა გვერდი სახელწოდებით: წულუკიანი VS ბიძინა, სადაც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა, თეა წულუკიანის SMS მიმოწერების შესახებ.
„ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა თეა წულუკიანის SMS მიმოწერა. წულუკიანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანს (რომლიც ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია) წერს, რომ სამწუხაროდ არაფერი შეუძლია მათ დასახმარებლად, თუმცა მათ გვერდით არის და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, სტრასბურგამდე მიიტანს.
SMS მიმოწერაში, წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ქონდრისკაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სტრასბურგში პრემიერის გამოსვლაზე სირცხვილით იწვოდა. სულ მალე ყველა დარწმუნდებით ამ ამბავის სინამდვილეში. ივანიშვილი წულუკიანს ამას არ აპატიებს!!!“ - წერენ „ფეისბუქში“.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „პრესა.ჯი“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული განცხადების პოლიტიკური შეფასებით დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს თეა წულუკიანი. პასუხის გაცემისგან თავს იკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც.
„ოცნების“ დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ჭორს უწოდებს. „ეს სასაცილოა, მსგავსი არაფერი გამიგია“, - ამბობს მსახიობი. კითხვა - ხოლო, არსებობს თუ არა, პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შორის აზრთასხვადასხვაობა, ჯაჭვლიანმა უპასუხოდ დატოვა.
აღნიშნულ საკითზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ანი მიროტაძემაც. მიროტაძე: "ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია არ მინახავს. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მითუმეტეს ვერაფერთან ვერ დავაკავშირებ".
აღსანიშნავია, რომ როცა მარგველაშვილ-წულუკიანს შორის შრომის კოდექსზე საჯარო კინკლაობა გაიმართა, ივანიშვილმა ცალსახად განათლების მინისტრის პოზიცია დაიჭირა. მან ხისტად განაცხადა რომ მარგველაშვილს "ყველაფერში ეთანხმება". კულუარებში კი, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმა იუსტიციის მინისტრი აითვალწუნა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა, მაშინ, უკვე იცოდა წულუკიანის sms მიმოწერის შესახებ.