„რუსმეტალის“ საქმეში მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფიგურირებს?!

  15:36:31     16-05-2013

 ლაშა ნაცვლიშვილის გვარი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე კომპანია "რუსმეტალის" საქმეში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ინტერესებზე საუბრობს. როგორც კილაძე აცხადებს , "რუსმეტალთან" დაკავშირებით პროკურატურაში საქმე კომპანიის ერთ-ერთი მეწილის ზაზა მამულაშვილის საჩივარზე აღიძრა, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილის ახლობელია.

მისივე თქმით, თავდაპირველად საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა და ფულის გათეთრებაზე საუბარი არ ყოფილა.როგორც ელისო კილაძე აცხადებს, ბოლო მომენტამდე, სანამ პროკურატურა გამოძიების დასრულების შესახებ განაცხადებდა, კომპანიის მფლობელებთან ლაშა ნაცვლიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მათ შორის იყო ფინანსური შეთავაზებები, რაზეც კომპანიის მეწილეებმა უარი განაცხადეს.ანალოგიურს აცხადებდა დილას  „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი,  თუმცა მისი „ფეისბუქის“ სტატუსი მალევე გაქრა. კილაძის  თქმით, ნაცვლიშვილი საერთაშორისო კომპანია "რუსმეტალის" გაკოტრებით არის დაკავებული:

"გუშინ მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გახსნილია დანაშაულებრივი სქემა. საუბარია კომპანია "რუსმეტალზე" რომლის გაკოტრების საქმეში უშუალოდ ჩართულია მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. "რუსმეტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია მინდელი დაკავებულია. ეს სქემა დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის ახლო მეგობრის რამაზ მამულაიშვილის ძმის ზაზა მამულაშვილის მეშვეობით, რომელმაც მიმართა გამოძიებისთვის ლაშა ნაცვლიშვილს. ნაცვლიშვილის მხრიდან სისტემატური ზეწოლა ხორციელდებოდა ქვეყნის გარეთ. ამავე პერიოდში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა. გამოძიებამ დაიბარა ყველა ბანკი, რომელმაც სესხი მისცა ამ კომპანიას და მოსთხოვა პასუხი. თუ რატომ მისცეს მათ სესხი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ნაცვლიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ კომპანიასთან, რათა მათ შეიძინონ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ზაზა მამულაიშვილმა გუშინ გააკეთა კიდევ ერთი არასწორი განცხადება, რომ ამ ყველაფერში ჩართულია ირაკლი ტრიპოლსკი, ეს არის აბსურდი", - აცხადებს კილაძე და დასძენს, რომ "რუსმეტალის" შესახებ მსოფლიოში ცნობილ აუდიტორულ "პრაის ვოტერჰაუს კუპერს" აქვს დადებული აუდიტირული დასკვნა, სადაც არავითარ დარღვებაზე არ არის საუბარი.

ელისო კილაძის ინფორმაციით,  გამოძიების პროცესში დაიკითხა "რუსმეტალის" ყველა კონტრაქტორი, რომლებსაც სთხოვდნენ დაეწერათ, რომ ისინი "ატკატს" აძლევდნენ კომპანიის ხელმძღვანელობას.  კილაძისვე თქმით, ამ პერიოდში  სისტემატიური ზეწოლა ხორციელდებოდა კონტრაქტორებზე ქვეყნის გარეთ.

კილაძე  დღის განმავლობაში მიმართავს მთავარ პროკურატურას საჩივრით, რომ დაიწყოს გამოძიება, თუ რა წვლილი მიუძღვის ლაშა ნაცვლიშვილს "რუსმეტალის" გაკოტრების საქმეში. კილაძე მოითხოვს, რომ გამოძიების დასრულებამდე ნაცვლიშვილმა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი დატოვოს.