
გელა ხვედელიძეს 5 000-ლარი გირაო შეეფარდა
13:55:33     15-05-2013
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო, 5 ათასი ლარი შეეფარდა.
პროკურატურა ხვედელიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ხვედელიძე 2 მაისს პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.