
პრეზიდენტი ლაზიკაზე: ამით სააკაშვილს კი არ გაუხეთქეს გული...
11:30:18     15-05-2013
“შეგვეძლო ავღანეთიდან ტვირთის გამოტანის ამერიკულ სქემაში ლაზიკას პორტი ჩაგვერთო, რაც საქართველოს ეკონომიკას გააორმაგებდა”,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ლაზიკის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ათი ათასობით მოქალაქეს დასაქმების პერსპექტივა დააკარგვინა.
მიხეილ სააკაშვილი: ლაზიკას პორტის მშენებლობა რომ არ შეეჩერებინათ, მომავალი წლის დამდეგს 100 000 ტონის წყალწყვის გემების დასაცლელად ორი ნავმისადგომი ამუშავდებოდა. ზუსტად ამ დროისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოსვლის პიკი იქნება. ეს ნავსადგომები კარგად რომ გამოგვეყენებინა, ავღანეთიდან ტვირთების წამოღების დროს საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდებოდა.
სამეგრელოსა და გურიის სოფლებში ცხოვრობს ასობით ათასი ადამიანი, ვისაც ახალ პორტში მაღალანაზღაურებადი სამუშაო გაუჩნდებოდათ. სწორედ ამაზე ვთქვით უარი, როდესაც პორტის მშენებლობა გავაჩერეთ. ამით სააკაშვილს კი არ გაუხეთქეს გული, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა, არამედ, რეალურად, ათობით ათას ადამიანს დავუხშეთ დასაქმების პერსპექტივა. ჩვენ შეგვეძლო ავღანეთიდან ტვირთის გამოტანის ამერიკულ სქემაში ჩვენი პორტიც ჩაგვერთო, შეგვექმნა დიდი ლოჯისტიკური ცენტრები, ტერმინალები და ა.შ.