პატრულს ესროლეს

  15:18:53     14-05-2013

თბილისში, დიდუბის გამგეობის წინ, ბელიაშვილის ქუჩაზე პოლიციელების მიმართულებით ორი გასროლა მოხდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაზიანებულა.

პირი, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, "ტტ"-ს სისტემის პისტოლეტიდან პოლიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

მან მესამე ტყვიის სროლაც დააპირა, მაგრამ მასრა მექანიზმში გაიჭედა, რის შემდეგაც მისი განეიტრალება გამგეობის  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს.

პოლიციელებზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. თავდამსხმელი უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.  გავრცელებული ინფორმაციით, იგი ყოფილი პატიმარია, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

50 წლამდე ასაკის მამაკაცი,  დაახლოებით, სამი საათი იჯდა დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასთან. როგორც გამგეობის თანამშრომლები აცხადებენ, მათ არ გამოუძახებიათ პატრული, თუმცა ეს ფაქტი საეჭვოდ მოეჩვენათ. მათი თქმით, პატრული შემთხვევით მივიდა გამგეობის შენობასთან და მოახლოების შემდეგ მამაკაცმა გახსნა ცეცხლი.