ივანიშვილი: პოლიტიკა ჩემს ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის

  11:41:33     14-05-2013

„ვცდილობ, არ განვმეორდე პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე. ჩემი გადმოსახედიდან, პრინციპულად შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ. მათ დაინახეს, სინამდვილეში როგორი ხელწერა გვაქვს. აღარ გვიწევს განმარტებები, ვინ ვართ ჩვენ,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა.. 

 

„ეს ჩემი წარმატებული, ჩვენი გუნდის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმატებული ვიზიტებისა და მუშაობის შედეგია,"- განაცხადა ივანიშვილმა. 

 მისი თქმით, საერთოდ პოლიტიკა მის ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის. „მე ერთს ვარწმუნებ საზოგადოებას, მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში და ვრჩები მანამ, სანამ საჭირო ვიქნები და თუ წავალ, დავდგები უფრო რთულ ადგილზე", - განაცხადა მან.  

 ჟურნალისტ ფარესაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი აცხადებს:  „იცით, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე, დაკავებულია  ინფორმაციის გავრცელებისათვის.   მან მოახერხა და დაარღვია კანონი და ის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე, დაექვემდებარება და მოიხდის სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გელა ხვედელიძე არ იყო რიგითი წევრი ჩვენი გუნდის, ის ჯერ კიდევ არჩევნების დროს იყო ძალიან აქტიური და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა.

პრაქტიკულად, ის ხელმძღვანელობდა ახალ პარტიაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და კოალიციაშიც დიდი უფლებები ჰქონდა. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის კოორდინაციას ის ხელმძღანელობდა. 

  მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ხელწერა, რომ არ არსებობს დიდი თანამდებობის პირი, თუ დიდი დავალებების შემსრულებელი, კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარი და პირველ რიგში, კანონი უნდა დაიცვას პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ხვედელიძე არ იყო "ქართული ოცნების" რიგითი წევრი და მისი დაკავებით ახალმა ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა საკუთარ ხელწერას – კანონის წინაშე ყველა თანაბარია.