
უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ჩოჩელს ხუხაშვილის მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანას მოუწოდებს
11:49:41     13-05-2013
როგორც მან 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით აშკარა და დაუსაბუთებელი თავდასხმები ხორციელდება ცეზარ ჩოჩელსა და მის ბიზნესზე.
,,თუ ცეზარ ჩოჩელს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, ბიზნესზე მსგავსი შეტევები დაუშვებელია, რადგანაც ამით საქმიანი რეპუტაცია ელახება კომპანიებს, რაც მათ საქმიანობაზე პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, რითაც საწარმოებში დასაქმებულია ასობით ადამიანს სამსახურის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრება.
როცა საჯარო მოხელე ადამიანზე ამბობს, რომ მან საწარმო თაღლითური სქემებით ჩაიგდო ხელში, ამ დროს საზოგადოებას კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა წარუდგინო“, – განაცხადა მჟავანაძემ და დასძინა, რომ სწორედ ასე იწყებდა ნაციონალური მოძრაობაც – ჯერ მეწარმეს ბრალს სდებდნენ კორუფციაში და ხელისუფლების წევრებთან დანაშაულებრივ გარიგებაში და ამით ქმნიდნენ უარყოფით საზოგადოებრივ აზრს, შემდეგ კი ხდებოდა მისი დაპატიმრება, ფულის და ბიზნესის გამოძალვა.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება“ მოუწოდებს ცეზარ ჩოჩელს შეიტანოს სასამართლოში სარჩელი გია ხუხაშვილის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტზე, რათა ამით პასუხი მოეთხოვოს მის დაუსაბაუთებელ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს.
ასევე მოუწოდებს ბიზნეს ომბუდსმენს და სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს თითოეულ ასეთ ფაქტზე, რათა თავიდან ავიცილოთ ბიზნესის ტერორი.