
პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან დასრულდა
16:01:50     10-05-2013
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსული სტუდენტები აცხადებენ, ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება საკუთარ შეცდომებზეც გაამახვილა.
დღევანდელი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების თქმით, განსაკუთრებული აქცენტი შრომის კოდექსზე და თსუ-ის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხზე დაისვა.
„ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი უფრო მეტ სტუდენტს გაუშვებდა სასწავლებლად და უფრო მეტ მათგანს დააფინანსებდა, სამომავლოდ პრეზიდენტობა კიდევ რომ შეძლებოდა", - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი „თსუ“-ს სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა სამი საათი ხვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის უნივერსიტეტში ვიზიტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები. მათ პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს.
შეხვერდის დაწყებამდე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინცინდენტიც მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამართალდამცავებმა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დააკავეს.