როცა პრემიერს ეძინა…

  21:50:40     09-05-2013

გავიდა შვიდი თვე… ოცნებები და მოლოდინები, რომელიც ახალ ხელისუფლებას უკავშირდებოდა, ნელ-ნელა ქრება… ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ხმა ივანიშვილსა და მის კოალიციას მისცა, პრობლებები არათუ გადაიჭრა, არამედ გაცილებით სერიოზული და ბევრად მტკივნეული გახდა.

მნიშვნელოვნად დაიძაბა კრიმინოგენური სიტუაცია - მომრავლდა ყაჩაღობის, ქურდობის, ძარცვის, ფულის გამოძალვის ფაქტები.

გაიზარდა უმუშევრობა - ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

შემცირდა იმ ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან ყოველთვიურ შემწეობას იღებენ.

უბნებში კვლავ გაჩნდა კრიმინალური საქართველოსთვის დამახასიათებელი დაჯგუფებები.

სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიციელთა მხრიდან დაფიქსირდა ქრთამის აღების ფაქტები.

გაიზარდა ე.წ. ელიტარული კორუფცია - დეპუტატების, მინისტრებისა თუ მათი მოადგილეების ოჯახის წევრები განკარგავენ სახელმწიფოს კუთვნილ მილიონობით ლარს - მოგებული ტენდერების სახით.

გაიზარდა სიღარიბის მიღმა მყოფი ოჯახების რიცხვი. ხელისუფლების წარმომადგენელთა ნათესავ-მეგობრების გარდა, კიდევ უფრო აუტანელი, გაუსაძლისი და სასტიკი გახდა ცხოვრება მოქალაქეთა უმრავლესობისათვის.

ამომრჩეველთა დიდ ნაწილში, რომელიც თავდაპირველად, მასობრივი დაჭერებითა და წინა ხელისუფლების წევრთა რეპრესიებით ერთობოდა, ახლა იმედგაცრუება იგრძნობა.

ისინი ჯერ მოკრძალებით, შეფარვით, "ვიწრო წრეში" კითხულობენ:

სად არის დაპირებული პენსია?

რატომ არ გაანახევრეს ელექტროენერგიისა თუ გაზის ტარიფი?

რატომ არ შემცირდა საწვავის ფასი ერთი ლარით?

რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები?

თუმცა, ეს, შეიძლება ლოკალურ პრობლემად მოგეჩვენოთ იმასთან შედარებით, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით ხდება.

ცალსახაა და ამას უკვე ვეღარც მალავენ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი კრემლის სასარგებლოდ ცდილობს შეცვალოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

ორი მნიშვნელოვანი ბარიერია ამ კუთხით: ძლიერი ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

მაგალითად, თუ ივანიშვილი, ბოსტონის სისხლიანი მოვლენების ფონზე, ბედავს და აცხადებს, რომ საქართველო ტერორისტებს წვრთნიდა, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში ტერაქტებს აწყობდნენ, უსუფაშვილი “ყველას ურჩევს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას აზარალებს”.

მაგალითად, თუ პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მომავალი პრეზიდენტი რუსეთისთვის უნდა იყოს მისაღები და ნატოს შესახებ ხელახალი პლებისციტია ჩასატარებელი, ალასანია აცხადებს, რომ “ამაყობს კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჯარით და იმით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი აქვს”.

პრემიერიც გვიმტკიცებს, რომ საქართველო, 2014 წელს მაპს მიიღებს, თუმცა მის სხვა განცხადებებში ნათლად იკითხება ყალბი პათოსი და კიდევ უფრო ყალბი სიხარული ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

ბატონი ივანიშვილი ასეთი "ფეიკით", უფრო საკუთარი  ამოცანების შენიღბვასა და სახელისუფლებო გუნდის ერთიანობის მითის შენარჩუნებას ცდილობს.

ნაბიჯი უკან…

თუ ახალი ხელისუფლების შვიდი თვის თავზე, თითოეული თქვენგანი დასვამთ ერთ უწყინარ კითხვას: რა გაკეთდა კარგი პირადად თქვენთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის (არ იგულისხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი კლანის წევრები)? პასუხსაც იპოვით - არაფერი ან თითქმის არაფერი.

სამაგიეროდ, უხვად გვაქვს მაგალითები ქვეყნის სტაგნაციის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩავარდნებისა და იმის შესახებ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველომ უკუსვლა დაიწყო.

"სამართლიანობა" და ადამიანის უფლებები…

პრემიერი და მისი ჭრელი კოალიცია წინა ხელისუფლებას ძირითადად სამი მიზეზით აკრიტიკებდა.

1. უსამართლობა

2. ძალადობა

3. ადამიანის უფლებების დარღვევა

თუმცა, დავინახეთ, რომ ივანიშვილის მთავრობას თავად აქვს პრობლემები ამ კუთხით.

1. უსამართლობა - არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნის, სამსახურიდან გათავისუფლების ასობით ფაქტი დაფიქსირდა.

პოლიციამ იარაღი, ნარკოტიკი ჩაუდო და დააკავა პოლიტიკური ნიშნით მიუღებელი თენგიზ გუნავა.

შსს და პროკურატურა, მფარველობს დამნაშავეებსა და მოქმედებს შერჩევითი სამართლის პრინციპით: არ აკავებს ხულიგნობასა და ადამიანების ცემაში მხილებულ ლუკა კურტანიძეს (მიუხედავად ვიდეო-მტკიცებულებებისა)…

ახალისებს პოლიტიკურ აგრესიას, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში სისხლისღვრით სრულდება.

გამოძიება დაშინებითა და მუქარით ცდილობს მოწმეებს სასურველი ჩვენება გამოსძალოს (ახალაიას, გუნავას, რობაქიძის საქმეები)…

2. ძალადობა - ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკური ნიშნით მიუღებელ პიროვნებებს (დეპუტატებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ანგარიშსწორება საჯარო ბიბლიოთეკასთან).

ამაზრზენი მეთოდებით ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების გადაბირებას (მოსამართლის თანაშემწის გადაბირების მცდელობა).

ძალის დემონსტრირების, მუქარის, აგრესიის ფონზე ცვლიან საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს. აშანტაჟებენ მოსამართლეებს - ე.ი. ძალადობენ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სასამართლო ხელისუფლებაზე.

3. ადამიანის უფლებები  - ივანიშვილი და მისი მინისტრები გამოძიების დასრულებამდე, სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენამდე, ყოფილ ჩინოვნიკებს მოიხსენიებენ კრიმინალებად, მკვლელებად, ყაჩაღებად და ამით, თავადვე არღვევენ ადამიანის უფლებებს - უდანაშაულობის პრეზუმფციას.

მეტიც: ხელისუფლების ორგანიზებით ხდება პოლიტიკურად მიუღებელი პირების საწინააღმდეგო, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელება.

ამას აკეთებენ როგორც ფარულად, ისე ოფიციალურადაც. ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელიც ყოფილი ადვოკატია, ღიად აცხადებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-კადრების არსებობისა და პროკურატურის მიერ მისი გავრცელების შესახებ (კადრების გავრცელებას კი წინა ხელისუფლების “სახის” ჩვენებით ნიღბავს).

ფაქტი: წინა ხელისუფლების 9 წლის მანძილზე არასოდეს გავრცელებულა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სამაგიეროდ, ასეთი კადრები ვრცელდებოდა შევარდნაძის მთავრობის დროს და ვრცელდება ახლა - ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში…

შვიდი თვე ბევრი სულაც არაა, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის რომ პოლიტიკის, სამართლის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ხელისუფლების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ვისაუბროთ.

რას ვხედავთ, რას ვგრძნობთ, რას ვისმენთ? - ვხედავთ მნიშვნელოვნად გაზრდილ კრიმინალს, ვგრძნობთ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და გვესმის პრორუსული რიტორიკა.

როგორ მოვიქცეთ? თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის გაერთიანებით, მტკიცე პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და შექმნას სამუშაო ადგილები.

ხოლო, თუ ივანიშვილის მთავრობა ვერ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთასა და არ მოემსახურება ხალხს, უნდა შევცვალოთ იგი. ძალა არის ჩვენში და არა - ხელისუფლებაში.

8 მაისი, 2013 წელი, 23:54

P.S: "პრემიერი ათ საათზე იძინებს - ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს" - გია ხუხაშვილი (ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი).