
პრეზიდენტობის კანდიდატებად გია დვალი და დავით მაღრაძეც განიხილება
15:54:39     09-05-2013
საქართველოს „პრემიერ-მინისტრის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელს, ნონა ყანდიაშვილს არ აქვს ინფორმაცია, განიხილება თუ არა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერის, გია დვალისა და პოეტ დავით მაღრაძის კანდიდატურები.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ყანდიაშვილმა უთხრა, პრემიერი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმდინარე თვეში წარადგენს.
„ვერაფერს გეტყვით, დვალისა და მაღრაძის კანდიდატურაზე, არაფერი ვიცი. მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი“,- განაცხადა ყანდიაშვილმა.
"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერის, გია დვალისა და პოეტ დავით მაღრაძის კანდიდატურების განხილვის შესახებ ინფორმაცია, „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ორივეს მიმართ დადებითად არის განწყობილი.
„პრესა.ჯი“ პოეტ დავით მაღრაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.