
ღარიბაშვილი ალასანიას კადრებს იჭერს
20:51:21     08-05-2013
ღარიბაშვილი და ავტომატურად ივანიშვილიც, ალასანიას კადრებს დაერია. როგორც ამბობენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობის დაჭერაც, ამის ნათელი მაგალითია.
გამოძიებამ აქცენტი, მხოლოდ შპს „მექანიზატორის“ ხელმძღვანელ ვაჟა ნახუცრიშვილისა და სხვა პირების მიერ, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სამართალდარღვევებზე გააკეთა და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს მიაბა.
არ გახმაურებულა, რომ ვაჟა ნახუცრიშვილი (რომელიც სოსო ალავიძის მძახალია), ალასანიას გუნდთანაცაა დაახლოვებული და კასპის მაჟორიტარისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ალასანიას გუნდის წევრის, დავით ონოფრიშვილის მეგობარია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა შევარდნაძის მთავრობაში სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი იყო და სკანდალი აუგორდა.
თავის დროზე, ეს საკმაოდ გახმაურებული საქმე იყო, რომელიც 2 მილიონ 162 ათასი ლარის დატაცებას ეხებოდა. ონოფრიშვილთან ერთად, კასპში სახნავი მიწების პროცესს ვაჟა ნახუცრიშვილიც ესწრებოდა და რაიონშიც მეგობრებად იცნობდნენ.
შევარდნაძის დროს, ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის ყოფილ დირექტორს ივერი შალამბერიძეს ბრალად ედებოდა, "ენგურჰესის" ორი მილიონი ლარისა და "ლაჯანურჰესის" 162 ათასი ლარის მითვისება. პროკურატურამ ივერი შალამბერიძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზაციულ ჯგუფთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვაში დასდო ბრალი.
შალამბერიძის შექმნილი ორგანიზაციული ჯგუფის წევრები იყვნენ: შსპ "მერას" პრეზიდენტი შ. ხელიძე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი ვაჟა ნახუცრიშვილი ამავე ხაზინის პასუხისმგებელი პირი მ. ბუაძე და "საფოსტო ბანკის" პასუხისმგებელი პირი მ. კუპატაძე. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ამ პირებმა ისევ მოახერხეს მნიშვნელოვან პოზიციებზე დარჩენა.
ღარიბაშვილის უწყებამ კი, ალასანიას გარემოცვასთან დაახლოვებულ პირებს, ამჯერად დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა-მითვისების მუხლით წაუყენა ბრალდება.
ამ მომენტამდე, დუმილის უფლებას იყენებს დაკავებულების ერთი ნაწილი (თუმცა, რამდენიმე მოწმემ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა და ფულის მითვისების საქმეში სოსო ალავიძის როლზეც ისაუბრა). დუმს პარლამენტის და ალასანიას გუნდის ერთ-ერთი სახე, დავით ონოფრიშვილიც.