"აღლუმი ივანიშვილს არ ეკუთვნის... მისი არჩატარებით ჯარის დემორალიზაცია ხდება"

  19:33:29     08-05-2013

საქართველოს ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების ომის ვეტერანთა და ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე, დავით მარტიაშვილი ხელისუფლების მხრიდან არსებულ გულგრილობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრს ვეტერანთა პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს.

 დავით მარტიაშვილი: მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, როდესაც მისი ხელისუფლება ასე ექცეოდეს ომის ვეტერანებს. 20 წელი პატივ აყრილები გვაცხოვრეს. ამ მიმართულებით შევარდნაძის ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება არსებული ხელისუფლება. წინასაარჩევნო დაპირებების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან, მინისტრ ირაკლი ალასანიასგან ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.

 პრესა.ჯი: თქვენ როგორც ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ თუ მიმართეთ ხელისუფლებას ოფიციალური წერილით?

 - დიახ, ჩვენ საკანონმდებლო შეთავაზება გავუგზავნეთ, როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ასევე  პარლამენტს.  შევთავაზეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოს  ეკისრა. უნდა შეიქმნას დახვეწილი კანონმდებლობა.  უნდა ჩამოყალიბდეს მაღალი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელიც კანონით იქნება ვალდებული ომის ვეტერენებისა და ინვალიდების ინტრესები გაატაროს.   დღეს არსებული კანონი საქართველოს მთავრობის შესახებ ამის საშუალებას არ იძლევა. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება შეიქმნას ომის  ვეტერანთა და ინვალიდთა ორგანო, რომელსაც სახელმწიფო ცალკე ბიუჯეტს გამოუყოფს.

 - უნდა აღინიშნოს, რომ 90- წლებში ბევრმა მოქალაქემ მოახერხა ყალბი დოკუმენტების მიღება...

 -      გეთანხმებით, საქართველოში ასეთი ადამიანების რიცხვი ათასობით მოქალაქეს შეადგენს.  ამ ხალხს იარაღთან, ომთან შეხება არასდროს ჰქონიათ, თუმცა სარგებლობენ აღნიშნული სტატუსით და ჯიბეში იდებენ იმ მწირ დახმარებას, რასაც სახელმწიფო იმეტებს.

მსგავსი ბიუროკრატია სამწუხაროდ 20 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. აფხაზეთის ომში 15 000-მა მეომარმა იბრძოლა, სტატუსით კი 70 000 პირი სარგებლობს. უნდა მოხდეს რეალური სიების შედგენა, რომ დახმარება, მიიღონ არა ფსევდო მეომრებმა არამედ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის იარაღი ნამდვილად აიღო. ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონდა მცდელობა, აღნიშნულ საკითხებზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გვესაუბრა, თუმცა მინისტრმა ჩვენთვის ვერ მოიცალა.

 - რამოდენიმე დღის წინ ალასანიამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, ვეტერანებზე ზრუნვაა...

 - ამ გამოსვლაში მას საერთოდ არ უხსენებია 1992-93 წლების მებრძოლები. მან მადლობა მხოლოდ ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეებს გადაუხადა.

 - ექს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისთვის საჭირო გასაღები რუსეთში დევს, ახალი ხელისუფლებაც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, რამდენად რეალურია იმ მეზობელთან ურთიერთობის დათბობა, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ეთნოწმენდა მოაწყო?

 - წავიკითხე რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა, 9 მაისთან დაკავშირებით, მან მოგვმართა, როგორც მოძმე ერს, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ძმობის მაგალითი, გავიდეს ვისაც ეჭვი ეპარება გმირთა მოედანზე ან გმირთა სასაფლაოებზე რამდენ ნაცნობ გვარს ამოიცნობს. მე ასეთი ძმობის არ მჯერა. რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, აქ ხელისუფლება შეუვალი უნდა იყოს, რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობა დაუშვებელია.

 - ახალი ხელისუფლება აგვისტოს ომის გამოძიებას და პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვას გეგმავს...

 - თუ ვინმე ეძებს 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებს,  გამოძიება, 1992-93 წლების მოვლენებიდან უნდა დაიწყოს. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა ყოს დღეს მიხეილ სააკაშვილი, იმას რასაც ახალი ხელისუფლება აკეთებს, ქვეყნის პირველი პირის დაკითხვას ვგულისხმობ, ზიანს მთელ სახელმწიფოს აყენებს.

 - ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმს არ ჩაატარებს...

 - სამხედრო აღლუმი ივანიშვილს არ ეკუთვნის. ეს დღე სამხედროებს და ხალხს გვეკუთვნის. 26 მაისის აღლუმი ერთგავარად მოტივაციის მიმცემია თითოეული ჯარისკაცისთვის, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა  ენა, მამული და სარწმუნოება უნდა იყოს. მისი არჩატარებით კი, ჯარის დემორალიზაცია ხდება.