მარგველაშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებას ემთხვევა

  13:58:08     08-05-2013

შრომის კოდექსთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  გიორგი მარგველაშვილის პოზიცია,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებას ემთხვევა. 

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა,  ვიცე-პრემიერის მსგავსად, იუსტიციის მინისტრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს,  თავის დროზე  საპარლამენტო უმცირესობაც გაემიჯნა. 

მიხეილ მაჭავარიანი: შრომის კოდექსს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი მარგველაშვილს წამოცდა თუ მართლა ასე ფიქრობს, ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამის გამო გვაკრიტიკებდნენ და ლამის ანათემას გადაგვცა ხელისუფლებამ. ივანიშვილის გუნდის წევრებმა ჩვენგან ნათქვამი არ მიიღეს მაგრამ მარგევლაშვილმა იგივე თქვა და მისგან მიღებული იქნა. 

ახლა იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებენ და ისე არ იქნება, რომ ვეთანხმებით მარგველაშვილს, მაგრამ ის ცუდი კოდექსი მიიღონ. საერთოდ,  შრომის კოდექსთან დაკავშირებით საუბარი,  ძალიან არამომგებიანია, ანუ პოლიტიკურად არის წამგებიანი თემა. შრომის კოდექსი ისე აქცია „ქართულმა ოცნებამ“,  თითქოს შრომის კოდექსს მიიღებენ და ამით დამთავრდება საქართველოში უმუშევრობა. არ დამთავრდება, პირიქით დაემატება. ამიტომ ვამბობდით ჩვენ იმას, რაც მარგველაშვილმა თქვა. 

ვიცე-პრემიერმა  გიორგი მარგველაშვილმა, თეა წულუკიანს  ახალი შრომის კოდექსი, გასულ კვირას დაუწუნა და იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი,  როზა ლუქსემბურგის ოცნებას შეადარა.  მინისტრმა,  „ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წულუკიანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი,   შრომით უფლებებს არ მოაგვარებს. 

ცნობილია, რომ მარგველაშვილის პოზიციას იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.  „მარგველაშვილის განცხადებას, მე ვიზიარებ თავიდან ბოლომდე. შრომის კოდექსის შემოღებაზე ინიციატორები ვიყავით ძალიან ბევრნი და ერთ-ერთი მეც გახლდით. ის, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში, იყო საშინელება. 

დაქირავებულს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ გააჩნდა.  მეორე მხარეს ვიცით ყოველთვის გადახრა, როცა რაიმე არ გვაქვს და მერე საშუალება გვაქვს. მგონი, ეს მოხდა პირველი მოსმენის შემთხვევაში განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულად მეტი უფლებები მისცეს. 

მეტი უფლებები არ არსებობს დაქირავებულზე, პრინციპში ნორმალურია, ნებისმიერი უფლება დაქირავებულს შეიძლება მივცეთ, მაგრამ ჩვენ რეალობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც სუფევს საქართველოში არის ის, რომ საქართველოში მოსახლეობას არ შეუძლია სამუშაო ადგილების შოვნა",- აღნიშნა პრემიერმა მთავრობაში აზრთასხვადასხვაობის კომენტირებისას.