![რატომ ვერ შეკრიბა მტკიცებულებები ესპანურმა გამოძიებამ კახა რუსტავსკის წინააღმდეგ... რატომ ვერ შეკრიბა მტკიცებულებები ესპანურმა გამოძიებამ კახა რუსტავსკის წინააღმდეგ...](http://presa.ge/img/multimedia/a24610.jpg)
რატომ ვერ შეკრიბა მტკიცებულებები ესპანურმა გამოძიებამ კახა რუსტავსკის წინააღმდეგ...
22:22:19     07-05-2013
იმის გამო, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო დროულად შეეკრიბა საკმარისი მტკიცებულებები, ესპანეთის ციხეში სამწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს მოქალაქე კახაბერ შუშანაშვილი თავისუფალია.
კახაბერ შუშანაშვილი, იგივე „კახა რუსტავსკი“, რომელსაც ესპანური პრესა კანონიერ ქურდს და ქართულ-რუსული მაფიის მსხვილ ავტორიტეტს უწოდებს, 3 მაისს სარაგოსას ციხიდან გამოუშვეს. მისი წინასწარდაკავების ვადა ამოიწურა: სასამართლო გადაიდო საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო. ფორმალურად შუშანაშვილი გათავისუფლებულია 50 ათასი ევროს გირაოთი. თუმცა „დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული იურისტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო, ალბათ, საერთოდ არ შედგება. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ძიება ვერ მოახერხებს ყველა მტკიცებულების წარმოდგენას. ასევე, დამკვირვებლები იხსენებენ, რომ შუშანაშვილი პირველი ყოფილი საბჭოთა კავშირელი არაა, რომელსაც ესპანური მართლმსაჯულება ვერ უსწორდება.
ესპანური პოლიციის ოპერატიული მონაცემებით, 2010 წელს ბარსელონაში დაკავებული 40 წლის კახაბერ შუშანაშვილი ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში რიგი ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობას კურირებდა.
სავარაუდოდ, მასთან მიდიოდა დასავლეთ ევროპაში დაფუძნებული ყოფილი საბჭოთა მეწარმეებისგან გამოძალული ფულები- განუმარტა „დოიჩე ველეს“ პოლიციის წარმომადგენელმა ხოსე მარია რუისმა.
შუშანაშვილი, რომელსაც რუსული მასმედია ევროპაზე მაყურებელსა და რიგი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების „ობშიაკის განმკარგველს“ უწოდებს, ეჭვმიტანილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. ესპანეთის პოლიციის მონაცემებით, საქმე ეხება გამომძალველობას, საფრანგეთში ვლადიმერ ჯანაშიას (ე.წ. კანონიერი ქურდი – ლადო) მოკვლის მიზნით შეთქმულებას, დოკუმენტების ფალსიფიცირებას, ძარცვას ძალადობის გამოყენებით, გადასახადების გადაუხდელობას, დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობას და არაკანონიერი გზით მოპოვებული კაპიტალის გათეთრებას.
როცა იუსტიცია უძლურია.
მადრიდელი ადვოკატი ხოსე სანჩესი, რომელიც შუშანაშვილის საქმეს აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სამი წლის ძიებით მოპოვებული ბრალდებების უმრავლესობა მოიხსნა, რამდენადაც საქმე ეხებოდა ესპანეთს გარეთ ჩადენილ ქმედებებს, სადაც ის 2005 წლიდან ცხოვრობდა. ამგვარად, ესპანეთში შუშანაშვილი შეიძლება გაასამართლონ მხოლოდ ამ ქვეყანაში ფულის გათეთრების ბრალდებით. მაგრამ ამ კანონდარღვევის დამტკიცებაც არაა იოლი. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრება, ე.ი. კაპიტალდაბანდება ლეგალურ ბიზნესში და უძრავ ქონებაში, ადვოკატის თქმით, ხორციელდებოდა წარმომადგენლობითი პირების საშუალებით.
მადრიდის ადვოკატთა კოლეგიის მეორე წევრი ენრიკე კასარუბოსი ირწმუნება, რომ გათეთრება დანაშაულობების ერთ-ერთი ძნელად დასამტკიცებელი სახეობაა. ის იხსენებს, რომ ამ მიზეზით უკანასკნელ წლებში ყოფილი საბჭოთა კრიმინალური სამყაროს რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი დაუძვრა მართლმსაჯულებას.
მათ რიცხვშია გენადი პეტროვი, რომელსაც ესპანელები ტამბოვის ლიდერს უწოდებენ; ალეკსანდრ მალიშევი, - ნათლიმამა „პიტერის დაჯგუფებიდან“ და ვიტალი იზგლოვი, რომელსაც ესპანეთის სპეცსამსახურები კანონიერ ქურდს და ერთ-ერთ „პოდმოსკოვურ მეთაურს“ უწოდებენ. სასამართლოს გაექცა პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს ასევე ათობით არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლებიც სხვადასხვა წლებში იყვნენ ესპანეთში დაიჭერილები.
ორივე ადვოკატის თქმით, დანაშაულებრივი სამყაროს ცნობილი წარმომადგენლებიდან ესპანეთში სასჯელს მხოლოდ მოსკოვის კაზინო „კრისტალის“ ყოფილი მეპატრონე, კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მოლოდოი“ იხდის. ის 2006 წელს დაიჭირეს და 2011 წელს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სცნეს რა დამნაშავედ უკანონო კაპიტალდაბანდებათა გათეთრებაში.
პოლიციელ ხოსე მარია რუისის თქმით, კალაშოვი ეკუთვნის რუსეთისა და საქართველოს დანაშაულებრივი სამყაროს „ვერხუშკას“. ამასვე ამტკიცებს გავლენიანი მადრიდული გაზეთი АВС. ხოსე სანჩესი ვარაუდობს, რომ ზაქარია კალაშოვის ციხეში ყოფნა აიხსნება არა იმდენად ესპანელი პროკურორების ძალისხმევით, რამდენადაც თვით განსასჯელისა და მისი ადვოკატების სურვილით. მისი სასჯელისგან გათავისუფლება ავტომატურად სამშობლოში ექტრადირებას გულისხმობს, სადაც კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და სადაც პატიმრები გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე ესპანეთის ციხეებში, - ასკვნის ადვოკატი.