
ივანიშვილის საჯარო წკიპურტი წულუკიანს - პრემიერი მარგველაშვილს უჭერს მხარს
18:57:13     07-05-2013
"მარგველაშვილის განცხადებას მე ვიზიარებ თავიდან ბოლომდე. შრომის კოდექსის შემოღებაზე ინიციატორები ვიყავით ძალიან ბევრნი და ერთ-ერთი მეც გახლდით. ის, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში, იყო საშინელება. დაქირავებულს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ გააჩნდა.
მეორე მხარეს ვიცით ყოველთვის გადახრა, როცა რაიმე არ გვაქვს და მერე საშუალება გვაქვს. მგონი, ეს მოხდა პირველი მოსმენის შემთხვევაში განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულად მეტი უფლებები მისცეს. მეტი უფლებები არ არსებობს დაქირავებულზე, პრინციპში ნორმალურია, ნებისმიერი უფლება დაქირავებულს შეიძლება მივცეთ, მაგრამ ჩვენ რეალობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც სუფევს საქართველოში არის ის, რომ საქართველოში მოსახლეობას არ შეუძლია სამუშაო ადგილების შოვნა", - ამბობს ოლიგარქი.
"ტოტალური უმუშევრობა არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში. დასაქმება შეუძლია ინვესტორს, შეუძლია ბიზნესს. ამიტომ, დღეს ჩვენ თუ მოვახერხეთ გადავხარეთ მეორე მხარეს და ზედმეტი უფლებები მივეცით დაქირავებულს, უნდა ვიფიქროთ მეორე მხარეზე, ინვესტორს არ უნდა დავუკარგოთ მადა იმისა, რომ შემოვიდეს საქართველოში და ინვესტიციები განახორციელოს", - აცხადებს პრემიერი.
"ჩვენი შრომის კოდექსი დაემსგავსება ევროპულს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და პირველ ეტაპზე ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინვესტორებს ინტერესი არ დავუკარგოთ. პირველი მოსმენით პროექტს, რომელსაც მარგველაშვილი აკრიტიკებს, მე აბსოლუტურად ვეთანხმები და მეც იგივე რეაქციები გავაკეთე და პარლამენტარებთან მქონდა საუბარი, რომ არ შევაშინოთ ინვესტორები. თუ მათ შევაშინებთ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო შრომის კოდექსი, მაგრამ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება და ძირითადი უსამართლობა დარჩება, არ იქნება სამუშაო ადგილები", - თვლის ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრისას, ვიცე-პრემიერმა მარგველაშვილმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნება უწოდა და აღნიშნა: "ახალი შრომის კოდექსი, პროფკავშირების დიქტატით არის დაწერილი. ისეთი შრომის კოდექსია პარლამენტში შესული, რომ ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებებს თუ ვახდენდით არ მეგონა, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო, ვერც ბიზნესი.
მსგავსი შრომის კოდექსი ბიზნესისთვის კოშმარია. ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს, ამ შრომის კოდექსის შეტანა არის აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე, ესენი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ და იქნებ ვინმემ გამაგებინოს რა ხდება".
მარგველაშვილს ხისტად უპასუხა წულუკიანმაც: "მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონთ, მინდა იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის „შრომის კოდექსის“ რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავაში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია.
ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ, სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები, პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან.
როდესაც „შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ, თავის კოდექსში ჩაწეროს. მოქმედი კოდექსი აბსოლუტურ კარტბლანშს აძლევს დამსაქმებელს. მას შეუძლია ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დღეს არანაირი უფლება არ აქვს".
ივანიშვილმა კი, დღეს ღიად დააფიქსირა რომ მხარს უჭერს ვიცე-პრემიერ მარგველაშვილს და მის პოზიციას სრულად იზიარებს. შესაბამისად, ეწინააღმდეგება წულუკიანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.
როგორც ჩანს, წულუკიანის მუქარას იმის შესახებ რომ აუცილებლად გაუცრუებს იმედებს მარგველაშვილს (და კანონპრიექტი გავა), ახდენა არ უწერია. მეტიც, იუსტიციის მინისტრმა პირველი საჯარო წკიპურტი მიიღო პრემიერ-მინისტრისგან.